Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სანქციების მიუხედავად, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა დეკემბერში განახლდება


გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა, რომელიც აშშ-ის სანქციების გამო ერთი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო, დეკემბრის დასაწყისიდან განახლდება.

ამის შესახებ გერმანულმა მედიამ ინფორმაცია მიიღო კომპანია Nord Stream 2 AG-ისგან, რომლის თანახმად, ბალტიის ზღვის ფსკერზე დაწყებული გაზსადენის მშენებლობა 5 დეკემბრიდან განახლდება მილსადენის ორივე ხაზზე 2,6 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე და უშუალოდ გერმანიის ეკონომიკურ ზონაში.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ქვეყნის სპეციალური ხომალდები განაახლებენ მილების ზღვის ფსკერზე გაყვანის სამუშაოებს. დღეისათვის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ბოლომდე მისაყვანად დარჩენილია 16 კილომეტრის მილსადენის მშენებლობა ბალტიის ზღვის ფსკერზე გერმანიის წყლებში და კიდევ 60 კილომეტრისა დანიის სექციაში.

მოელოდნენ, რომ გაზსადენის გაყვანა 2019 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო. მაგრამ მშენებლობა შეჩერდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესმა სანქციების პაკეტი დაამტკიცა მშენებლობაში მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ.

რუსეთის გერმანიასთან დამაკავშირებელი პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ითვალისწინებს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას, რომელიც რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს.

ვაშინგტონი შიშობს, რომ გაზსადენის მშენებლობა გაზრდის ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებაზე მოსკოვზე.


ამ შეშფოთებას იზიარებენ ევროკავშირის ქვეყნები, მათ შორის, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, მაგრამ არა გერმანია.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს 25 სექტემბერს მხარი დაუჭირა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, პეტერ ალტმაიერმა.
სულ ბოლოს, 17 ოქტომბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიიჩნევს, რომ გაზსადენის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.

XS
SM
MD
LG