Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე: შეზღუდვების შედეგად ინფიცირებულთა რაოდენობა აღარ მოიმატებს


პაატა იმნაძე
პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ შეზღუდვების შედეგად ინფიცირებულთა რაოდენობა არ დაიკლებს, თუმცა აღარ მოიმატებს.

„ნაკლებს არ ველოდებით, მეტს აღარ დაველოდებით. შეზღუდვების შემდეგ ნაკლებს კი არ დაველოდებით, აღარ მოიმატებს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ბრიფინგზე მან დაადასტურა, რომ ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით პიკში იმყოფება. მისი განცხადებით, შესაძლოა, დღეისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა დღეში 10 000-მდე იყოს.

„ამ დაავადების ერთ-ერთი ვერაგულობა არის ის, რომ ახასიათებს როგორც უსიმპტომო მიმდინარეობა, ასევე ძალიან მცირე სიმპტომატიკა შეიძლება გამოუვლინდეს ადამიანების დიდ ნაწილს, რომელიც საერთოდ არ მიაკითხავს სამედიცინო დაწესებულებას იმისთვის, რომ გამოიკვლიოს“, - უთხრა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში არაერთი შეზღუდვა მოქმედებს. მათ შორის აკრძალულია ღია და დახურულ სივრცეებში პირბადის გარეშე ყოფნა, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე კი 7 ქალაქში ქუჩაში გასვლა აკრძალულია. უკვე რამდენიმე თვეა გაჩერებულია რიგი ეკონომიკური საქმიანობები. არსებული ინფორმაციით, ხვალ, 26 ნოემბერს გახდება ცნობილი, კიდევ რა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღებას გეგმავს საკოორდინაციო საბჭო.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 34 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1085-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3071 შემთხვევა. ეს ბოლო ათი დღის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 114 889 შემთხვევა.

XS
SM
MD
LG