Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ჯაფარიძე: პარლამენტში შესვლა პოლიტიკური შეთანხმების გარეშე არ განიხილება


პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, პარლამენტში შესვლა პოლიტიკური შეთანხმების გარეშე არ განიხილება, ეს კომენტარი მან აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი სიტყვებით, მედიატორები ყველაფერს აკეთებენ, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

„ყველა ძალისხმევას ახორციელებენ ამ მიმართულებით, ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი მათთან. ოპოზიციის პოზიცია არის ერთი, რომ ჩვენ გვსურს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა „ქართულ ოცნებასთან“. ამისთვის მზად ვართ, რომ ვიშრომოთ. ცხადია, პოლიტიკური შეთანხმება უნდა მოიცავდეს ახალ არჩევნებს, ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში, ასევე ცვლილებებს ცესკოს ადმინისტრაციაში. არის სხვა საკითხები, პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებული, ეს არის მოლაპარაკების ის პაკეტი. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ვაქციოთ პოლიტიკურ შეთანხმებად „ქართულ ოცნებასთან“, იმისთვის, რომ გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი სიტყვებით, ოპოზიცია კონსტრუქციულადაა განწყობილი და სურს ვითარების განმუხტვა, რაც შეეხება ვადებს და ტექნიკურ დეტალებს, ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ამ სახის განხილვაში შესვლას აზრი არ აქვს“, მთავარია პრინციპული შეთანხმება. სხვა დანარჩენზე მსჯელობა შესაძლებელია ხელახალი არჩევნების მოთხოვნის შესრულების საფუძველზე.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მანამდე ცალ-ცალკე იმყოფებოდნენ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი და "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მათი თქმითაც, ხელახალი არჩევნების ჩატარების გარდა მოლაპარაკებისთვის სხვა ვერსია არ განიხილება.

ელჩებთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ინდივიდუალური შეხვედრები რამდენიმე დღის წინაც გაიმართა. პარტიების წარმომადგენლები შეხვედრის ადგილს უცვლელი პოზიციებით ტოვებდნენ.

ოპოზიცია ისევ არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, "ქართული ოცნება" კი ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენას ზეიმობს. შედეგების უნდობლობის გამო ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ამ მიზეზით მათთან მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები.

XS
SM
MD
LG