Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვა მთავრობაზე მკაცრი პრესინგის ფონზე


ტიგრან ხაჩატრიანი
ტიგრან ხაჩატრიანი

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც ორი კვირაა ოპოზიციური პარტიები აგრძელებენ ზეწოლას პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე, რათა მიაღწიონ მთელი მთავრობის გადადგომას მთიანი ყარაბაღის გარშემო სამხედრო მარცხისა და აზერბაიჯანთან მიღწეული „კაპიტულატური“ შეთანხმების გამო.

ტიგრან ხაჩატრიანის პრესმდივანმა, ანა ოჰანიანმა, რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს დაუდასტურა მინისტრის გადადგომის განზრახვა, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.


წინა დღეებში სომხეთის მთავრობა დატოვეს თავდაცვის, საგარეო საქმეთა, განათლების, შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრებმა.

სამთავრობო ცვლილებების ფონია პოლიტიკური კრიზისი სომხეთში, რასაც ბიძგი მისცა 42-დღიან ომში აზერბაიჯანთან განცდილმა მარცხმა მთიან ყარაბაღში და ბრძოლების შეწყვეტის შესახებ სამმხრივმა აზერბაიჯანულ-რუსულ-სომხურმა განცხადებამ, რასაც სომხეთის ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანება „კაპიტულანტურს“ უწოდებს და მოითხოვს ქვეყნის მთელი მთავრობის გადადგომას მოითხოვს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

ამ მოთხოვნას მხარს უჭერს სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი.

წინა კვირაში მან გამოთქვა მოწოდება, გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რათა მოგვარდეს არსებული პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, რომელიც წარმოიშვა სეპარატისტული მთიანი ყარაბაღისთვის აზერბაიჯანთან ომის შედეგად. სარქისიანი განცხადებით გამოვიდა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ.

არჩევნები „ქვეყანას რყევისგან იხსნის“ ექვსკვირიანი ომის შემდეგ, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო „ტერიტორიების დაკარგვამდე“, თქვა სარქისიანმა ხალხისადმი მიმართვაში 16 ნოემბერს.

სომხეთის 17 ოპოზიციური ძალა ნიკოლ ფაშინიანს „სახელმწიფო ღალატში“ სდებს ბრალს აზერბაიჯანსა და რუსეთთან მთიანი ყარაბაღის თაობაზე ხელმოწერილი „კაპიტულანტური“ შეთანხმების გამო.

სამმხრივი ერთობლივი განცხადების თანახმად, სომხეთმა 20 ნოემბერს აზერბაიჯანს გადასცა სომეხ სეპარატისტთა ხელთ არსებული მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე აღდამის რაიონი.

25 ნოემბერს იმავე ბედს გაიზიარებს ქელბაჯარის რაიონი, საიდანაც სომხეთთან დამაკავშირებელი რთული სახმელეთო გზით, მეორე კვირაა, ინტენსიურად ხორციელდება მშვიდობიანი მოსახლეობისა და სომხური სამხედრო დანაყოფების ევაკუაცია.

ხოლო 1 დეკემბრამდე სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს მესამე, ლაჩინის რაიონი, გარდა სომხეთსა და სეპარატისტულ ანკლავს შორის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნისა, რომელიც უკვე აიყვანეს კონტროლზე სამშვიდობო მისიით აღჭურვილმა რუსმა სამხედროებმა.

XS
SM
MD
LG