Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძე ეპისკოპოს იაკობის შეთავაზებაზე: მოდერატორებში არ არის საქმე, მოდერატორები უკვე გვყავს


გიორგი ვაშაძე, ეპისკოპოსი იაკობი
გიორგი ვაშაძე, ეპისკოპოსი იაკობი

პრობლემა მოდერატორებში არ არის, მოდერატორები უკვე გვყავს, პრობლემა არის "ქართულ ოცნებაში", რომელსაც არ უნდა პროცესი ადეკვატურად დაინახოს, - ასე უპასუხა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბოდბელ ეპისკოპოსს შეთავაზებაზე, ეკლესიის მოლაპარაკებებისთვის გამოყენების თაობაზე. მისი თქმით, მოლაპარაკებების პლატფორმები საძიებელი არ არის:

„ჯერ ერთი, პირველი, რომ ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, პოლიტიკა პოლიტიკის საქმეა, ეკლესიას ეკლესიის საქმე აქვს და სხვადასხვა საკითხებია. და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოდერატორები გვყავს და პრობლემა მოდერატორებში არ არის, პრობლემა არის "ქართულ ოცნებაში", რომელსაც არ უნდა ადეკვატურად დაინახოს პრობლემა, რომელიც ქვეყანაში არის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ეპისკოპოსმა იაკობმა 24 ნოემბერს ქადაგების დროს ოპოზიციასა და ხელისუფლებას მოსალაპარაკებლად ეკლესიაში მისვლა შესთავაზა.

"მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ და ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება", - თქვა მეუფე იაკობმა და აღნიშნა, რომ ეკლესიაში მისვლის სურვილი არცერთ მხარეს ამ დრომდე არ გამოუთქვამს. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან შეხვედრის დროსაც გაესვა ხაზი ეკლესიის როლს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრების ორი რაუნდი აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით უკვე გაიმართა. ერთი მხრივ, ოპოზიცია აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტში არ შევა, მეორე მხრივ კი, ხელისუფლება მოლაპარაკების დაწყებისთვის არჩევნების შედეგების აღიარებას აუცილებელ პირობად მიიჩნევს. ახლა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრების მესამე რაუნდისთვის მზადება მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG