პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სავაჭრო ცენტრების და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, მათ განიხილეს წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება და ბიზნესის მხარდასაჭერი დამატებითი ღონისძიებები. გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
მაია ცქიტიშვილის თქმით, ვირუსის გავრცელების შენელება და პრევენცია არის საერთო საქმე - როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და მოქალაქეების, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველამ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს პანდემიასთან ბრძოლაში.
შეხვედრისას, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, სრული „ლოკდაუნი” არ იგეგმება, თუმცა გაფართოვდება წერტილოვანი შეზღუდვები.
„რითეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორი რევაზ მაღალაშვილი ამბობს: „ჩვენ კომერციული ორგანიზაციები ვართ, ბუნებრივია, რაც ნაკლები იქნება შეზღუდვა, ჩვენთვის უკეთესია, თუმცა პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ სიტუაციას. საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, თუმცა იყო დადებითი გზავნილები, რომელიც იმედიანად გვტოვებს, რომ როგორც მინიმუმ ოპერირებას განვაგრძობთ, ოღონდ შეზღუდვების ფარგლებში“.
„ისთ ფოინთის” მარკეტინგის დირექტორის თეიკო ლომინაძის თქმით, „მიმდინარეობს მუშაობა, რომ, ერთი მხრივ, დამატებითი შეზღუდვებით შესუსტდეს მობილობა და შემცირდეს დაინფიცირებულთა რიცხვი, ხოლო მეორე მხრივ, ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც დაგვეხმარება, ფუნქციონირება არ შევწყვიტოთ და დეკემბრის თვეში გავაგრძელოთ მუშაობა“.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 36 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1012-მდე გაიზარდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3958 შემთხვევა.