Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია რუხის საავადმყოფოდან თბილისში გადაჰყავთ


კორნელი კაკაჩია
კორნელი კაკაჩია

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) დირექტორი კორნელი კაკაჩია, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოდან თბილისში გადაჰყავთ.

როგორც რუხის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ნინო აკობიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, კაკაჩია თავისი სურვილით გადადის სხვა კლინიკაში. „რეანომობილს ელოდებიან. გადადის თბილისში, არ ვიცი რომელ კლინიკაში“, - აღნიშნავს აკობია.

კლინიკური მენეჯერის თქმით, კორნელი კაკაჩიას აქვს ორმხრივი პნევმონია და უგრძელდება ცხელება. „მკურნალობა მიდის, როგორც საჭიროა. არ არის გაუმჯობესება, მეექვსე დღეა. ვირუსი ზოგს უფრო დიდ ხანს უგრძელდება, ზოგთან ნაკლებ დროში ლაგდება. რა თქმა უნდა, საყურადღებო პაციენტია, საშუალო სიმძიმის, ჟანგბადდამოკიდებულია, მაგრამ აპარატზე გადასაყვანი არ არის“, - ამბობს აკობია.

შეკითხვაზე, საჭიროების შემთხვევაში აქვს თუ არა კლინიკას ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ნინო აკობია პასუხობს: „რეანიმაციული განყოფილება ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ჩვენს კლინიკაში არის ყველანაირი რესურსი. ყველანაირი პირველადი დახმარების გაწევა შეგვიძლია და მერე საჭიროების შემთხვევაში პაციენტი გადადის სხვაგან“.

პოლიტოლოგმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა: „მეგობრებო, ჩემი ცხოვრება მოულოდნელად სულ სხვა მხარეს აღმოჩნდა. დედას, რომელსაც მანამდეც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, დაუდგინდა Covid-ი. ორივე რუხის საავადმყოფოში ვართ, დედა ამ ეტაპზე უკეთაა. ჩემი მდგომარეობა სულ უფრო რთულადაა. ბოლო ექვსი დღე ზედიზედ მაღალი სიცხე - 39. სტაბილურად მიჭირს სუნთქვა (მარჯვენა ფილტვის პნევმონია)“.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ 3,4 ათასზე მეტია.

XS
SM
MD
LG