ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა. როგორც პრესსამსახური აღნიშნავს, ცერცვაძეს აღენიშნება ტემპერატურის მატება 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ- ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი Covid-პნევმონია. იმუნური სისტემის გამოკვლევით აღენიშნება უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება.
პრესსამსახურის განცხადებით, ვინაიდან თენგიზ ცერცვაძე წარმოადგენს ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფის პირს - ის არის ასაკოვანი და ამავე დროს აქვს არაჰოჯკინის ლიმფომა და სერიოზული იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ამიტომ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა. მას გადაესხა ანტივირუსული მედიკამენტი „რემდესივირი" ორი 100 მილიგრამიანი ფლაკონი ერთჯერადად. ის მკურნალობას მომავალ დღეებში გააგრძელებს კლინიკაში და მისი მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების მდგომარეობის მიხედვით.
რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ცენტრის ინფორმაციით, ანა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას აგრძელებს სახლში.
18 ნოემბერს თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ კლინიკური ჯგუფის შეხვედრაში ონლაინრეჟიმში მიიღო მონაწილეობა.