Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე ოპოზიციას: უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა და ერთად შევეჭიდოთ გამოწვევებს


"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს და არჩევნების პროცესში არსებულ ხარვეზებზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მან "ფეისბუკით" გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამომრჩევლის დაკვეთა მრავალპარტიული პარლამენტი იყო, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებით დადგა.

"იყო იმ ტიპის ხარვეზები, რომლებზეც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად არიან პასუხისმგებლები. თუმცა, ცხადია, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დახვეწას და გამოსწორებას საჭიროებს. აქ სწორედ ახალმა, პლურალისტურმა და მრავალფეროვანმა პარლამენტმა უნდა შეასრულოს მთავარი როლი და ხარვეზების აღმოფხრა თითოეული თქვენგანის ჩართულობით უნდა მოხდეს", - აღნიშნავს კალაძე.

მისივე თქმით, ხალხის დაკვეთაა მრავალპარტიულმა პარლამენტმა პარლამენტის რიგებიდან გადაჭრან პრობლემები.

"პარლამენტის რიგებიდან ჩვენ ერთად შევეჭიდოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, ერთად ვებრძოლოთ კოვიდ 19-ს, სიღარიბეს, ოკუპაციას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს... მინდა მივმართო ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს - ჩვენ უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნიდან ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, რადგან ამ ქვეყნის მომავალი ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ", - აღნიშნავს კალაძე.

ცესკოს მონაცემებით, 1-პროცენტიან ბარიერს პროპორციული არჩევნებში 8 ოპოზიციური პარტია ლახავს, 17 მაჟორიტარულ ოლქში კი მეორე ტურია დანიშნული. ოპოზიციური პარტიები ცესკოს მონაცემებს არ ენდობიან, ბოიკოტს აცხადებენ მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარლამენტში შესვლაზე.

XS
SM
MD
LG