საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, თუმცა რა დოზით შეეხება იგი ზამთრის კურორტებს, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. მისი თქმით, მთავრობის პრიორიტეტი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იქნება.
"არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ნორმალურად იფუნქციონირებს, მაგრამ პირველ რიგში, უნდა გავაანალიზოთ ეპიდემიოლოგების რჩევები. თუ რა დოზით, რა დონით და რა გეოგრაფიით იქნება ეს წერტილოვანი შეზღუდვები აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ ზამთრის კურორტებზე”, - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ზამთრის კურორტი ისევე, როგორც საზაფხულო კურორტი, დიდი მობილობის გენერატორია და ამ თვალსაზრისით ეპიდემიოლოგიურად გარკვეული კითხვები არსებობს.
„ამ პირობებში, რამდენად შევძლებთ სრულფასოვნად ვამუშაოთ ზამთრის კურორტები, რა თქმა უნდა, ეს კითხვა დგას. ვმუშაობთ და გადაწყვეტილებას მოგახსენებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ქვეყანა მასშტაბურ "ლოკდაუნს" არ აპირებს, იქნება წერტილოვანი შეზღუდვები და საჭიროა სათანადო ადაპტირება იმისთვის, რათა ეპიდემიის გაზრდილი გამოვლინებების მართვა შესაძლებელი იყოს ისე, რომ ნაკლებად დაზარალდეს ბიზნესი და ეკონომიკა.
კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მძიმე ეპიდისტუაციის გამო საქართველოს 7 ქალაქში 22:00 საათიდან შინიდან გასვლა აკრძალულია. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 22:00 საათიდან კვების ობიექტების სტუმრებს აღარ იღებენ. მოქალაქეებს მოეთხოვებათ, ქუჩაშიც და დახურულ სივრცეებშიც პირბადით იარონ, დახურულია სკოლები და ბაღები.