გაეროს ბავშვთა ფონდი(UNICEF) შიშობს, რომ კორონავირუსის პანდემიამ შესაძლოა, ბავშვების „დაკარგული თაობა“ გააჩინოს. ფონდის ექსპერტთა შეფასებით, ასეთ საფრთხეს ქმნის პანდემიის გრძელვადიანი ზემოქმედება ბავშვების განათლებაზე, კვებაზე და საერთო კეთილდღეობაზე.
UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჰენრიეტა ფორეს განცხადებით, ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ბავშვებს შედარებით მსუბუქი სიმპტომები აქვთ და მათთვის გაცილებით სერიოზულ საფრთხეს ქმნის პანდემიის გამო ძირითადი სამსახურების მუშაობის შეფერხება და სიღარიბის დონის სწრაფი ზრდა. როგორც ფორე ამბობს, საფრთხის ქვეშაა მთელი თაობის მომავალი.
UNICEF-ის ანგარიშის თანახმად, 3 ნოემბრის მდგომარეობით, მსოფლიოს 87 ქვეყანაში ბვშვებსა და მოზარდებზე მოდიოდა კორონავირუსით ინფიცირების 9-დან 1 შემთხვევა. სკოლების დახურვა მსოფლიოს 30 ქვეყანაში შეეხო 572 მილიონ მოსწავლეს.
გაეროს ბავშვთა ფონდის პროგნოზით, წლის ბოლომდე ხუთ წლამდე ასაკის კიდევ 6-7 მილიონ ბავშვს ექნება არასაკმარისი კვების გამო სხეულის გამოფიტვის ნიშნები და თვეში 10 000-ით გაიზრდება ბავშვთა სიკვდილის შემთხვევები, ძირითადად, აფრიკასა და სამხრეთ აზიაში.
2020 წლის შუა პერიოდისთვის მსოფლიოში 150 მილიონით გაიზარდა მრავალმხრივ სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რიცხვი, რომლებსაც არ აქვთ წვდომა განათლებაზე, ჯანდაცვაზე, საცხოვრებელსა და საკვებზე.
გაეროს ბავშვთა ფონდი მსოფლიოს სახელმწიფოთა მთავრობებს მოუწოდებს კრიზისზე რეაგირებისა და ბავშვების განათლებით, კვებით და ჯანმრთელობის, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვით უზრუნველყოფისკენ.