Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გატარებული ანტიეპიდემიური ღონისძიებები უკვე არასაკმარისია" - ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფის მიმართვა


ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფი ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს უკვე არასაკმარისად მიიჩნევს. ჯგუფის წევრებმა დღეს მედიასაშუალებების დახმარებით მიმართვა გაავრცელეს.

"ცალსახაა, რომ დღეს სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ანტიეპიდემიური ღონისძიებები უკვე არასაკმარისია პანდემიის გავრცელების შესაკავებლად და იგი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას დრამატულად რთული პერიოდი დაუდგება, რაც შეუძლებელს გახდის არამარტო კორონავირუსის ეპიდემიის მართვას, არამედ უკიდურესად შეზღუდავს სხვა გადაუდებელ და გეგმიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას", - ვკითხულობთ მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ: დავით გზირიშვილი, გიორგი გოცაძე, ნინო ევგენიძე, აკაკი ზოიძე, იაგორ კალანდაძე, ვახო კალოიანი, ნინო კიკნაძე, ლევან კობერიძე, ვატო სურგულაძე, ანდრია ურუშაძე, ნინო მირზიკაშვილი, სერგო ჩიხლაძე, ქეთი ჩხატარაშვილი, გიგი წერეთელი და ზურაბ ჭიაბერაშვილი. მათ მიმართვაში რამდენიმე პუნქტი გამოკვეთეს.

"​პანდემიაზე პასუხი უნდა გახდეს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი, როდესაც საზოგადოებრივი თანხმობის, თანადგომის და პასუხისმგებლობის გადანაწილების გარეშე, შეუძლებელია ქვეყნის კონსოლიდირებული და ეფექტიანი პასუხი", - მიაჩნიათ ხელმომწერ პირებს.

ჯგუფი მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას შემდეგი საგანგებო ნაბიჯები:

  • ეპიდემიის მართვისას პოლიტიკური ბრძოლის სიბრტყიდან საკითხი/მართვა გადავიდეს ზეპარტიული, ეროვნული ინტერესების დონეზე;
  • შეიქმნას დროებითი ეროვნული მექანიზმი დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით, რაც საზოგადოების მხრიდან ნდობასა და მხარდაჭერას გააძლიერებს, ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას, პოლარიზაციის ნაცვლად, გააერთიანებს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო რესურსს ეპიდემიის დაძლევის მიზნით;
  • მკაფიოდ გაიმიჯნოს პასუხისმგებლობები, გამკაცრდეს სააღსრულებო დისციპლინა, რაც აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს როლისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაციისთვის;
  • სამედიცინო მომსახურების მიწოდების კოლაფსის თავიდან ასაცილებლად სამედიცინო სისტემისადმი მიმართვის მოთხოვნილების (საჭიროების) შემცირება.

გარდა ამისა, მათ მიაჩნიათ, რომ აუცილებელია:

  • პაციენტთა ქცევის ტექნიკური ალგორითმის შექმნა/განახლება;
  • მოსახლეობისთვის ერთიანი სტანდარტის - გზამკვლევის შექმნა და გავრცელება;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ვებგვერდით რეალურ დროში მონიტორინგის, ლაივკონსულატაციებისა და სხვა მექანიზმების ამოქმედება;
  • მომსახურების სიმძლავრეების ოპტიმიზაცია;
  • კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა ყველა დონეზე (ტრანსპორტირების, ლაბორატორიული მომსახურების, ჰოსპიტალური მომსახურების და სხვა);
  • მომსახურების ანაზღაურების ისეთი მექანიზმების გამოყენება, რომელიც ამცირებს, მატერიალური გამორჩენის მიზნით, ნაკლებად მიზანშეწონილი (გამართლებული) მომსახურების მიწოდების ინტერესს (იქნება ეს ლაბორატორიული მომსახურება, თუ საწოლზე პაციენტის დაყოვნება).

ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფს მიაჩნია, რომ აუცილებელია საზოგადოების ინფორმირებისა და მათთან კომუნიკაციების ხარისხის გაუმჯობესება.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 85 952 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3638-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 68 929.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 778-მდე გაიზარდა.

XS
SM
MD
LG