Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკოსებმა კომენტარები გააკეთეს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის შემდეგ


ამერიკის ელჩის რეზიდენციაში "ქართულ ოცნებასა" და იმ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში ზღვარი გადალახეს და პარლამენტში შესვლისთვის საჭირო ხმები მოიპოვეს, მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ამერიკის ელჩთან ერთად ესწრებოდა ევროკავშირის ელჩიც. შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსების განცხადებები კონკრეტულ დეტალებს არ მოიცავდა, თუმცა დიალოგის გაგრძელების პერსპექტივების შესახებ წარმოდგენას ქმნის.

„კონკრეტული რაიმე ტიპის შეთანხმება დღეს არ შემდგარა, საუბარი იყო ისევ კონსტრუქციული, თუმცა ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციები ჯერჯერობით ისევ შორსაა... მთავარი საკითხი, რომელიც განიხილება, არის ხელახალი არჩევნები, ესაა ოპოზიციის პრინციპული პოზიციაა“, - თქვა "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ელჩის რეზიდენციიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან. ის, რომ ხელისუფლების და ოპოზიციის პოზიციები ერთმანეთისგან შორსაა, დაადასტურა არჩილ თალაკვაძის განცხადებამ, რომელიც მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ინიცირებული და მართული დიალოგის ფორმატი შეთანხმებამდე პარტიებს ვერ მიიყვანს და დიალოგის გაგრძელების პერსპექტივას ის პარლამენტში ხედავს.

„მოლაპარაკებები გრძელდება. მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია. ჩვენ მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ დავაახლოვოთ პოზიციები, იმისთვის, რომ დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრულდება და ამოიწურება. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში.

ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებში პოლიტიკური სტაბილურობაა, არის უფრო მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობის მოძებნა პოლიტიკურ პარტიებს შორის და ჩვენს მიერ ჩატარებული დემოკრატიული რეფორმები, რის მიხედვითაც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, ამის შესაძლებლობას აძლევს ნამდვილად ყველას. მოდით, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა”, - თქვა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, დიალოგი და პროცესი გაგრძელდება, თუმცა შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან მხარეთა პოზიციებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა და მოლაპარაკების პროცესი გაართულა ცესკოში საჩივრების განხილვამაც 13 ნოემბერს. ბაქრაძემ დაადასტურა, რომ ხმების გადათვლის საკითხი არ განიხილება, ვინაიდან, მისი თქმით, ამის შესაძლებლობა დახურა ცესკოს ნაბიჯმა, როცა კომისიამ არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

„ამიტომ, დარჩა მოლაპარაკების მაგიდაზე ერთადერთი წინადადება. ეს არის ახალი არჩევნების ფორმა, ვადა, პაკეტი…” – ამბობს ბაქრაძე.

„ჯერჯერობით, პოზიციები ერთმანეთისგან არის დაშორებული, მხარეები განსხვავებულ პოზიციაზე დგანან, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი და პროცესი გაგრძელდება“, – თქვა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმაც. მისი თქმით, მოლაპარაკება გრძელდება და „საქმე პესიმისტურად არ არის”.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პესიმისტურად არ არის საქმე, მოლაპარაკება გაგრძელდება უახლოეს მომავალში, არა, ვთქვათ, 1 კვირის მერე და 3 თვის მერე. ყველა გრძნობს და ხედავს, ელჩებიც, „ქართული ოცნებაც”, რომ ვითარება არის მძიმე და სასწრაფოდ არის გამოსავალი მოსაძებნი”.

დიპლომატების მონაწილეობით პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი, რომელზეც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს, 12 ნოემბერს გაიმართა.

31 ოქტომბრიდან დღემდე ოპოზიცია ქუჩის აქციებით ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ისინი არ იზიარებენ იმ შედეგებს, რომელიც ამ მოცემულობით მათ აქვთ. ერთი მხრივ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ, მეორე მხრივ კი აყენებენ წინაპირობებს, რომელსაც მეორე მხარე არ ეთანხმება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია რიგგარეშე არჩევნები, ხელისუფლება კი მხოლოდ არჩევნების შედეგების აღიარების შემდეგ აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას.

XS
SM
MD
LG