Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლავაც გაურკვეველია თურქეთის როლი მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო მისიაში


რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და რეჯეპ ტაიპ ერდოანი. მოსკოვი, 2020 წ. 5 მარტი.
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და რეჯეპ ტაიპ ერდოანი. მოსკოვი, 2020 წ. 5 მარტი.

მთიან ყარაბაღში დაზავების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან მეოთხე დღეს კვლავაც გაურკვეველია სამშვიდობო მისიაში თურქეთის როლი.

დოკუმენტში, რომელსაც 9 ნოემბერს მოაწერეს ხელი რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა, ლაპარაკია კონფლიქტის ზონაში მხოლოდ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსებაზე.

მაგრამ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქეთის ოფიციალური პირები ლაპარაკობენ მშვიდობის უზრუნველყოფის მისიაში თურქეთის მონაწილეობაზეც.

ხუთშაბათს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ სამშვიდობო მისიაში თურქეთის მონაწილეობის საკითზე აზრთა სხვადასხვაობაა. მისი თქმით, მოსკოვს მიაჩნია, რომ მთიან ყარაბაღში მხოლოდ რუსეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან. როგორც პესკოვმა თქვა, რუსეთსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა შემოიფარგლება მონიტორინგის ცენტრით, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იქნება განლაგებული. ხუთშაბათსვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თურქეთის სამხედროებს არ შეეძლებათ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შესვლა.

პესკოვმა 12 ნოემბერს აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში თურქეთის სამშვიდობო კონტინგენტის განლაგებისთვის საჭიროა როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის თანხმობა.

გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ ანკარა შეუერთდება სამშვიდობო ძალებს მთიანი ყარაბაღის რეგიონში. თურქეთი პირდაპირ არ ამბობს, რომ მისი სამშვიდობო ძალები ყარაბაღში განთავსდებიან, მაგრამ აცხადებს, რომ ერთობლივი მონიტორინგის ცენტრში მისი და რუსეთის როლები თანაბარი იქნება.

ამის შესახებ განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ბაქოში ვიზიტის განმავლობაში მან აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო მიზანია, დიპლომატიური გზით იქნეს მიღწეული აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის მთელი ტერიტორიის გადაცემა, მათ შორის იმისაც, რომელსაც ბაქო ამჟამად არ აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG