Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან შეხვედრა იმართება


საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა იმართება. შეხვედრას ესწრებიან საფრანგეთისა და ევროკავშირის ელჩებიც.

შეხვედრაზე შესვლამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა დეტალებზე არ ისაუბრეს. ოპოზიციიდან შეხვედრას ესწრებიან: გრიგოლ ვაშაძე ("ნაციონალური მოძრაობა"), დავით ბაქრაძე ("ევროპული საქართველო"), გიორგი ვაშაძე ("სტრატეგია აღმაშენებელი"), ბადრი ჯაფარიძე ("ლელო"), ზურა ჯაფარიძე ("გირჩი"), ირმა ინაშვილი ("პატრიოტთა ალიანსი"), ალეკო ელისაშვილი ("მოქალაქეები") და შალვა ნათელაშვილი ("ლეიბორისტული პარტია") - ყველა იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც 1%-იანი ზღვარი გადალახა. შეხვედრაზე მივიდა პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" ლიდერი არჩილ თალაკვაძეც.

ეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არჩევნების შემდეგ გამართული პირველი შეხვედრაა. ამ შეხვედრას წინ უსწრებდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, რომელიც ამბობდა უცხოელი პარტნიორების შუამავლობით დაგეგმილი შეხვედრა, ჩაიშალა.

31 ოქტომბრიდან დღემდე ოპოზიცია ქუჩის აქციებით ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ისინი არ იზიარებენ იმ შედეგებს, რომელიც ამ მოცემულობით მათ აქვთ. ერთი მხრივ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ, მეორე მხრივ კი აყენებენ წინაპირობებს, რომელსაც მეორე მხარე არ ეთანხმება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია რიგგარეშე არჩევნები, ხელისუფლება კი მხოლოდ არჩევნების შედეგების აღიარების შემდეგ აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას.

XS
SM
MD
LG