"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს 17 ნოემბერს თბილისში აქციით დახვდებიან. აქციაზე პოლიტიკური გამოსვლები არ იგეგმება, თუმცა ყველა მონაწილე არჩევნების გაყალბებას გააპროტესტებს.
"ჩვენ, ერთი მხრივ, ამერიკის დროშებით ვესალმებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და ამავე დროს ვეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მეტი მესიჯი და პოლიტიკური გამოსვლა არ იქნება. იქნება მხოლოდ მდუმარე ფორმა და ერთი მესიჯი", - თქვა უგულავამ.
მისივე თქმით, აქციის ამ ფორმით ჩატარება იმის გამო გადაწყდა, რომ მისი ტურნეს გაშუქების დროს მსოფლიოს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებაც მიაწოდონ ინფორმაცია.
პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერს არის დაგეგმილი. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური შეტყობინებით, პომპეო თბილისში შეხვდება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს, რათა გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების შემდგომი პროგრესისკენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდება კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორესაც.