Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ვიცე-პრემიერი არ გამორიცხავს მთავრობის გადადგომას


სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი არ გამორიცხავს ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობის გადადგომას იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციური საბჭო დღეს გეგმავს მასობრივი საპროტესტო აქციის გამართვას პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.

ამასთან, ავინიანმა გააფრთხილა ოპოზიცია, რომ ხელისუფლება მკაცრად დაუპირისპირდება „სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობას კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში.

„მინდა დავარწმუნო ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც კომენდანტის საათის მოქმედების დროს ცდილობს მღვრიე წყალში თევზის დაჭერას, რომ ამ საკითხში თავის ნებაზე არავის მივუშვებთ. თუ საჭირო გახდება, ეს მთავრობა წავა და არჩეული იქნება ახალი მთავრობა, მაგრამ ჩვენი გუნდი და პირადად მე არ დავუშვებთ არანაირ გადატრიალებას“, - განაცხადა სომხეთის ვიცე-პრემიერმა.

ერევანში დააკავეს 6 პირი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ხელისუფლების მიტაცებისა და კონსტიტუციური წყობის დამხობისკენ მოწოდებებში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის, ედუარდ აღაჯანიანის ინფორმაციით, 6 დაკავებულიდან 2 აქტიურად მონაწილეობდა პარლამენტის სპიკერზე, არარატ მირზოიანზე თავდასხმაშიც. აღაჯანიანის განცხადებით, ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

17-მა ოპოზიციურმა პარტიამ ჯერ კიდევ 9 ნოემბერს მიიღო ერთობლივი განცხადება მთავრობის გადაყენების მოთხოვნით მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის არმიასთან განცდილი მარცხის გამო.

სხვა პარტიებს შორის, ამ მიმართვას ხელს აწერენ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები „აყვავებული სომხეთი“, რესპუბლიკური პარტია, სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკცუტუნი“ და „ჰაერენიკი“.

როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება, მიუხედავად კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობისა, ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 11 ნოემბერს ერევანში დიდი ანტისამთავრობო მიტინგი გაიმართება.

XS
SM
MD
LG