კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ილაპარაკა. როგორც კლინიცისტი ამბობს, ახლად მიღებული გადაწყვეტილებით, ბინაში დატოვებულ პაციენტთა ნაწილს და სასტუმროში მოთავსებულ ყველა პაციენტს ჩაუტარდება სამი სავალდებულო გამოკვლევა: სისხლის საერთო ანალიზი, D-დიმერი და სატურაციის განსაზღვრა. „ეს შერჩევით ახლაც ტარდებოდა, მაგრამ დღეიდან ეს იქნება სავალდებულო და სისტემური“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე. მისი თქმით, ევროპის და ამერიკის არცერთ ქვეყანას არ აქვს ვალდებულება აღებული, რომ ბინაზე დატოვებულებს ჩაუტაროს ეს სამი მნიშვნელოვანი გამოკვლევა.
იმუნოლოგის მონაცემებით, საქართველოში პაციენტთა 75% ბინასა და სახლში მკურნალობს, ხოლო 25%-ის ჰოსპიტალიზაცია ხდება. როგორც ცერცვაძე ამბობს, საქართველო ამ მაჩვენებლითაც გამორჩეულია: „მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მხოლოდ 15%-ის ჰოსპიტალიზაცია ხდება“.
ბინასა და სასტუმროში დატოვებული პაციენტების მოვლის გაუმჯობესების შესახებ საუბრისას ცერცვაძემ განმარტა, რომ „D-დიმერის განსაზღვრა იძლევა სიგნალს, რომ აქვს თუ არა ტრომბოემბოლიური გართულება პაციენტს. მისი თქმით, სიკვდილობის თითქმის მეოთხედი ტრომბოემბოლიური დაავადებებით არის გამოწვეული (ბინაზე დატოვებულებს შორის - თითქმის ასი პროცენტით). შესაბამისი ჩარევით თავიდან აცილებული იქნება ტრომბოემბოლიური გართულება.
მეორე, სისხლის საერთო ანალიზი გაძლევს წარმოდგენას, რამდენად მძიმეა პროცესი და ხო არ არის გართულება, ხო არ არის საჭირო მკურნალობაში ჩაერთოს ანტიბიოტიკები და სხვა საშუალებები.
მესამე, სატურაციის განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არსად არ კეთდება ბინაზე დატოვებულებში. ეს მოგვცემს საშუალებას, გავარკვიოთ, ჟანგბადდამოკიდებული ხო არ არის ბინაზე დატოვებული პაციენტი. ის შეიძლება ვერ გრძნობდეს, რომ ჟანგბადდამოკიდებულია და თავისუფლად სუნთქავდეს, ეს ახასიათებს COVID-ს, მაგრამ სისხლში არ იყოს ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა. ასეთი პაციენტები არიან მთავარი რისკი დამძიმებისა და სიკვდილის. ასეთი პაციენტები დაუყოვნებლივ ბინიდან გადაყვანილი იქნებიან ჰოსპიტალში“.
ცერცვაძემ მედიას კიდევ ერთი სიახლე გააცნო, რაც მკურნალობაში სასტუმროების როლის გაძლიერებას უკავშირდება. „თუ აქამდე სასტუმროები ბინის ეკვივალენტის როლს ასრულებდნენ, ვისაც არ ჰქონდა ბინაში თვითიზოლაციის პირობები, სასტუმროში მიჰყავდათ, ახლა სასტუმრო იქნება რაღაც შუალედური რგოლი ბინასა და ჰოსპიტალს შორის, არა მხოლოდ მოვლისა და იზოლაციის მაჩვენებლით, არამედ მოვლისა და მკურნალობის მაჩვენებლით. სასტუმროში გაძლიერდება სამედიცინო პერსონალი, როგორც რაოდენობრივად, ასევე თვისებრივად. იქ პაციენტს ჩაუტარდება გამოკვლევებიც და თუ საჭიროა, მსუბუქი მკურნალობა. სერიოზული მკურნალობა ჩატარდება ჰოსპიტალში. ეს არის საქართველოს „ნოუჰაუ“. ევროპის და ამერიკის არცერთ ქვეყანაში არ არსებობს სასტუმროების, როგორც დაკვირვებისა და სამკურნალო დაწესებულების როლი. იქ სასტუმროები მხოლოდ საკარანტინო როლს ასრულებს“, - თქვა ცერცვაძემ
როგორც იმუნოლოგი ამბობს, ბინაში დარჩებიან აბსოლუტურად უსიმპტომო პაციენტები და ისინი, ვისაც დამძიმების რისკის ძალიან დაბალი დონე აქვს. სასტუმროებში კი იქნებიან ისინი, ვინც არ საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ მაინც აქვთ რისკის ფაქტორები და საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას.
ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 2775 პირს დაუდასტურდა. შესაბამისად, თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 51 993 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 3560-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა. სულ გამოჯანმრთელებულია 37 019.
ამავე პერიოდში 22 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 423-მდე გაიზარდა.