შინაგან საქმეთა სამინისტრომ "პუბლიკის" ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით იძიებს, რომლითაც პასუხისმგებლობა სხვისი ნივთის დაზიანებისთვის დგება. "პუბლიკის" ჟურნალისტს კამერაში წიხლი მაშინ მიარტეს, როცა ის გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან არსებულ მდგომარეობას იღებდა. იქ სიტუაცია რამდენიმე წუთის განმავლობაში დაძაბული იყო. პირი, რომელიც ჟურნალისტის მიმართ ფეხს იქნევდა, იგინებოდა. ის ამბობდა, რომ სახეს არ მალავდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა მედიასაშუალებამ თვითონ გაავრცელა. კადრებში პირის იდენტიფიცირება შესაძლებელია.