ლაგოდეხში, სოფელ კაბალში, 21-ე საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცესი დასრულდა, თუმცა ყუთი საარჩევნო უბანზე დაულუქავ მდგომარეობაში დააბრუნეს. როგორც რადიო თავისუფლებას უბნის კომისიის თავმჯდომარე ხურამან სადიხოვამ განუცხადა, იმ პირებს, ვისაც გადასატანი ყუთი ებარათ, მისი დალუქვა დაავიწყდათ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ეს დარღვევაა. ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლებმა უბანზე საჩივარი დაწერეს და მოითხოვეს, საკითხი ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილოს. დარღვევაზე საჩივარი დაწერა "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმაც.
ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დარბაიძე ამბობს, რომ მომხდარზე რეაგირება ექნება, თუმცა რა ფორმით, ჯერ არ იცის. მისივე თქმით, უბნის კომისიის თავმჯდომარე ამ ეტაპზე სიტყვიერად გააფრთხილა. გადასატანი ყუთით ამ უბანზე სულ 6-მა ამომრჩეველმა ისარგებლა.