„ევროპული საქართველოს“ წევრები ავრცელებენ ფოტოებს სხვადასხვა უბნიდან, სადაც ჩანს, რომ საარჩევნო ბიულეტენი ისეა მოხეული, სიაში 2 ნომრად მყოფი „ევროპული საქართველოს“ შემოხაზვა ამომრჩევლისთვის შეუძლებელი ხდება.
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნების“ კომისიის წევრები გურჯაანში, 31-ე უბანზე ამომრჩევლისთვის ბიულეტენების გადაცემისას, ბიულეტენებს ისე ხევენ, რომ მასზე „ევროპული საქართველოს“ ნომერი არის მოჭრილი - რაც კანონის მკაფიო დარღვევაა. კაპანაძის თქმით, მას შემდეგ, რაც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ამის შესახებ საჩივარი დაწერა, კომისიამ ის უბნიდან გააძევა.
საარჩევნო ბიულეტენს, რომელიც ისეა მოხეული, რომ „ევროპული საქართველოს“ შემოხაზვა შეუძლებელია, ავრცელებს პარტიის წევრი და ვაკეში მაჟორიტარი კანდიდატი, ელენე ხოშტაციაც, ვაკის 54-ე უბნიდან.