დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა კახა კალაძემ, არჩევანი გააკეთა წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას.
„ის, რომ 55-60%-ის ფარგლებში მივიღებთ მხარდაჭერას, ამის საფუძველს მაძლევს ხალხის განწყობა და დამოკიდებულება. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ რეგიონში, ყველა ქალაქში ვიმყოფებოდით საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდით და ის განწყობები, რაც არის ჩვენი გუნდის მიმართ, გვაძლევს ამის საფუძველს, რომ ჩვენ პირველივე ტურში, 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურების გარეშე გავიმარჯვოთ. ასევე, ამის საფუძველს მაძლევს ის კვლევები, რომელიც სხვადასხვა ტელევიზიაში გაშუქდა, თუმცა ეს არ არის მთავარი, მთავარი არის საზოგადოების განწყობა, დამოკიდებულება“.
კახა კალაძე კოალიციის შექმნის პერსპექტივას გამორიცხავს და ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ისედაც დიდი მხარდაჭერა აქვს.
„კოალიციის მთავრობა იქმნება მაშინ, როცა 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა გაქვს. დღეს ამის აუცილებლობა ქვეყანაში არ დგას. ყველა ოლქში არის იმის დიდი შესაძლებლობა და ალბათობა, რომ პირველივე ტურში დამთავრდეს არჩევნები, მათ შორის, გლდანშიც. მთავარია აქტიურობა. რაც შეეხება დარღვევებს, არანაირი კარუსელი არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება - დესტრუქციული და რადიკალური პოლიტიკური ძალები შეეცდებიან გარკვეული არეულობის შემოტანას, მაგრამ ვაფრთხილებ ყველას, არავის არაფერი გამოუვა. ვინც რაიმე არასწორ ქმედებას გაბედავს, დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით“.
საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.
საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.
საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.
რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.