Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანი იქნება ის, რაც არჩევნების დღეს მოხდება


ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ არჩევნების დღეს ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც უნდა გააგრძელონ მუშაობა თავის აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დასაცავად.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამო გავრცელებულ განცხადებაში ელჩი ჰარცელი ხაზს უსვამს, რომ ეს არჩევნები ჩატარდება ახალი საარჩევნო სისტემით, რაც მთავარ პოლიტიკურ აქტორებს შორის 8 მარტს მიღწეული ისტორიული შეთანხმების შედეგად გახდა შესაძლებელი.

„ამ შეთანხმების წყალობით, პარლამენტში შესვლის რეალური შანსის მქონე პოლიტიკური პარტიების არე მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რაც ხელს უწყობს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ამომრჩეველთა ნების უფრო მკაფიო ასახვას. ვფიქრობ, რომ ეს თავისთავად ფასეულობაა. იმედი მაქვს, რომ შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იქნება უფრო კონსტრუქციული დებატების წარმართვა პოლიტიკურ პროგრამებთან დაკავშირებით და კონსენსუსის მიღწევის გაუმჯობესებული კულტურა, რადგან ეს ქვეყანა 2024 წელს სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადადის“.

კარლ ჰარცელის განცხადებით, არჩევნების შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ადრინდელი რეკომენდაციების შესრულების შედეგად, არჩევნების მარეგულირებელი კანონმდებლობა გაუმჯობესდა, თუმცა, სამწუხაროდ, რიგი რეკომენდაციები გაუთვალისწინებელი დარჩა. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს მყარი სამართლებრივი საფუძველი და ახლა მთავარია მისი ეფექტიანად განხორციელება და აღსრულება.

ევროკავშირის ელჩი აღნიშნავს, რომ ადგილობრივმა სადამკვირვებლო ჯგუფებმა არაერთი ინციდენტისა და საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევის შესახებ განაცხადეს.

„ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა ცალკეულ შემთხვევებზე კომენტარის გაკეთება, მინდა მხოლოდ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია ყველა ამგვარ შემთხვევაზე სერიოზული რეაგირება და გამოძიების ჩატარება, საარჩევნო დღის შემდეგ პერიოდშიც. გამჭვირვალე და ეფექტიანი საგამოძიებო რეაგირება სრული საარჩევნო პროცესის ნაწილია და გავლენას მოახდენს არჩევნების საბოლოო შეფასებასა და მომავალი არჩევნებისთვის სტანდარტის დაწესებაზე“.

კარლ ჰარცელის განცხადებით, მნიშვნელოვანი იქნება ის, რაც არჩევნების დღეს მოხდება და ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების სათანადო მოქმედებასთან ერთად, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც უნდა გააგრძელონ მუშაობა თავიანთ აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დასაცავად. ევროკავშირის ელჩი ხაზს უსვამს, რომ ერთ-ერთი ელემენტი ფიზიკური დაპირისპირებისა და ესკალაციის თავიდან აცილებაა.

„მიზანი უნდა იყოს უსაფრთხო და ზეწოლისგან თავისუფალი სივრცე საარჩევნო უბნების გარშემო. ამ მიზნის მიღწევა ახლა, პანდემიის გამო, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ ყველა ამ ასპექტს, მათ შორის ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდის მიერ არჩევნებზე დაკვირვების საშუალებით უშუალოდ არჩევნების დღეს."

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს 1000-ზე მეტ უბანზე დააკვირდება 70-ზე მეტი ევროპელი დიპლომატისგან შემდგარი ჯგუფი.

XS
SM
MD
LG