საქართველოს ექსპრეზიდენტი და "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას ურჩევს, არ გადადოს 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები. მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მოქმედ ხელისუფლებას რჩევები მისცა.
"ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი - გადადოს არჩევნები და მიიღოს, პრაქტიკულად ნული ხმები, რაც მათთვის ძალიან ცუდი სცენარია ან ჩაატაროს არჩევნები და გადავიდეს ოპოზიციაში საკმაოდ კარგი წარმომადგენლობით პარლამენტში იმიტომ, რომ ჯერ კიდევ აქვს შანსი, იყოს სერიოზული ოპოზიცია", - თქვა მან და დასძინა, რომ ხელისუფლების წაგებაში დარწმუნებულია.
სააკაშვილი ხელისუფლებას ურჩევს, "დაგუგლოს" და არჩევნების დროს სამხრეთ კორეაში გამოყენებული უსაფრთხოების წესები დანერგოს საქართველოში.
დღეს, 19 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ კოვიდსტატისტიკის გაუარესების მიუხედავად, საქართველოში არჩევნები არ გადაიდება. მისი თქმით, 31 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლა უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე იმ მაღაზიებში, სადაც მოქალაქეები ყოველდღიურად დადიან.