Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სარჯველაძე: საქართველო და ომი აზერბაიჯანს და სომხეთს შორის


გადმოწერა

მიხეილ სარჯველაძის მოსაზრებების გასაცნობად გადადით ბმულზე: "მეტი აჩვენე"

სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე ომი საქართველოს პერსპექტივიდან რამდენიმე ასპექტის გამო განსაკუთრებულ საფრთხეს შეიცავს და საქართველო ნებისმიერი სცენარისთვის უნდა იყოს მზად. უპირველეს ყოვლისა მსურს დავასახელო აღნიშნული ასპექტები:
  • მდგომარეობის კიდევ უფრო ესკალაციის შემთხვევაში წარმოიქმნება დესტაბილიზაციის პროცესის საქართველოზე გავრცელების საფრთხე.
  • საქართველო გეოგრაფიულად არამხოლოდ აზერბაიჯანს და სომხეთს ესაზღვრება, არამედ კონფლიქტთან დაკავშირებულ ორ გარე ძალას - თურქეთს და რუსეთს, რომლებსაც რეგიონში გეოპოლიტიკური ინტერესები გააჩნიათ და საკუთარი ზეგავლენის კიდევ უფრო გაზრდით არიან დაინტერესებული, რაც კონფლიქტში მათი აქტიური ჩართულობის რისკს ზრდის.
  • მიმდინარე ესკალაციის ფონზე არსებობს საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობ- და გაზსადენების დაზიანების საფრთხე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტში რუსეთი აქტიურად ჩაერთვება. სამხრეთ კავკასიური ენერგო-დერეფანი არ შედის რუსეთის ინტერესებში (აღსანიშნავია, რომ გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა ამ ეტაპზე შეჩერებულია).
  • საქართველოს მოქალაქე ეთნიკური სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეები ქვეყნის ყველაზე დიდ ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ, რაც კონფლიქტური მდგომარეობის კიდევ უფრო ესკალაციის შემთხვევაში და არსებული ემოციური ფონის გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიაზე ინტერეთნიკური დაპირისპირების საფრთხეს ქმნის.
  • რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება ნეგატიურად აისახება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ინვესტიციების მოცულობაზე, რაც Covid-19-ის გავრცელების შედეგად წარმოქნილი ნეგატიური ეკონომიკური ეფექტთან ერთად არცთუ სახარაბიელო ეკონომიკურ პერსპექტივას ქმნის.
  • იზრდება კონფლიქტის უშუალო მონაწილე ქვეყნებთან ურთიერთობის გაუარესების საფრთხე, რადგან ბაქო და ერევანი ყურადღებით აკვირდებიან თბილისის ქმედებებს. შესაბამისად, ჰიბრიდული ომების და დეზინფორმაციის ეპოქაში საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებს.
  • ომის კიდევ უფრო გახანგრძლივებამ შესაძლოა ნეგატიური ეფექტი იქონიოს ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. იმ ფონზე, როცა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით ქვეყნის ერთი მეხუთედი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის მოსაზღვრედ უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება შესაძლოა საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციისადმი სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნებისთვის კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი გახდეს.
შესაბამისად საქართველოს ინტერესებში საბრძოლო მოქმედებების მაქსიმალურად სწრაფად დასრულება და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შედის. რაც უფრო დიდხანს გრძელდება საბრძოლო მოქმედებები, მით უფრო იზრდება სხვადასხვა აქტორების ჩართულობის და დესტაბილიზაციის პროცესის საქართველოზე გავრცელების შანსი.

საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თურქეთის და რუსეთის სტრატეგია. წარსულისგან განსხვავებით, ამჯერად შესამჩნევად შეიცვალა თურქეთის რიტორიკა აზერბაიჯანის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ის გაცილებით პროაქტიური გახდა. თურქეთის აღნიშნულ ქმედებას სავარაუდოდ ორი მიზეზი აქვს: ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების პარალელურად, ანკარა ისევე, როგორც სირიაში და ლიბიაში, სამხრეთ კავკასიაში ზეგავლენის გაზრდას და საკუთარი როლის - როგორც რეგიონული აქტორის გაძლიერებას ცდილობს. გარდა ამისა, თურქეთი ეკონომიკურ კრიზისს განიცდის და პრეზიდენტ ერდოღანის პარტიის - AKP-ს მხარდაჭერა უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით მხოლოდ 30%-ს შეადგენს, რაც მმართველი გუნდის მიერ საგარეო პოლიტიკაზე ყურადღების გადატანის შესაძლელობას ზრდის. რაც შეეხება რუსეთს, რუსეთისთვის აზერბაიჯანს და სომხეთს შორის დამბალანსებლის როლის შესრულება რეგიონში ზეგავლენის შენარჩუნების გზას წარმოადგენს. თურქეთის გააქტიურება შესაძლოა კრემლმა ბალანსის დაკარგვის საშიშროებად აღიქვას და კონფლიქტში აქტიურად ჩაერიოს. ამავდროულად სწორედ კრემლის „დამსახურებაა“ ის ფაქტი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტად მილიტარიზირებული სახელმწიფოების ათეულში შედიან. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანაა, კრემლი სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის შეიარაღების ყველაზე დიდი მიმწოდებელია. ამავდროულად სომხეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია და უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში, მოსკოვი ვალდებულია სომხეთს სამხედრო დახმარება გაუწიოს. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რუსეთს სომხეთში სამხედრო ბაზა გააჩნია და ორ ქვეყანას შორის ყველაზე მოკლე სახმელეთო გზა საქართველოზე გადის.
აღნიშნული ფონის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ ნეიტრალური პოზიციის დაკავება და საკუთარი პოზიციების უფრო ცხადად კომუნიკაცია, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობის მცდელობა, შეასრულოს შუამავლის როლი მიმდინარე კონფლიქტში, ძირითადად ორი ასპექტის გამო ვერ იქნება შედეგის მომტანი: 1. მედიაციისთვის საჭირო პოლიტიკური ზეგავლენა და რესურსი საქართველოს შემთხვევაში შეზღუდულია 2. კონფლიქტში ჩართულ მხარეებთან დაკავშირებული აქტორების - თურქეთის და რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით (რაც კონფლიქტს გეოპოლიტიკურ ხასიათს სძენს) საქართველო არ არის იმ პოზიციაზე, რომ მისაღები შუამავალი იყოს ერთი რომელიმე მხარისთვის, განსაკუთრებით კი რუსეთისთვის.
აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის უშუალო მედიატორი - მინსკის ჯგუფი უაღრესად არაეფქტური აღმოჩნდა ომის პრევენციის თვალსაზრისით. რაც შეეხება ევროკავშირს, ის კონფლიქტთან მიმართებაში სამოქალაქო საზოგადოების დონზე აქტიურია, თუმცა არა უშუალოდ მედიაციის პროცესში. ორივე ფაქტორი განაპირობებს იმ ფაქტს, რომ რუსეთის და განსაკუთრებით თურქეთის სამოქმედო არეალი იზრდება, რაც ევროკავშირის ინტერესებში არ შედის კავშირის ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით. ის ფაქტი, რომ მთიანი ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებით არ არსებობს სადამკვირვებლო მისია და არ ხორციელდება საერთაშორისო მონიტორინგი, არსებული პრობლემების გადაჭრას ართულებს. საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ევროკავშირის შეცდომა პასიურობაა, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როცა მინსკის ჯგუფი არაეფექტურია. მიმდინარე კონფლიქტი უპირველეს ყოვლისა ევროკავშირისთვის ცხადი სიგნალი უნდა იყოს, რომ მნიშვნელოვანია საკუთარი ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მეტი დიპლომატიური ინიციატივის გამოჩენა. საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებულ პარტნიორს ამ შემთხვევაში ექნებოდა შანსი, გამოიყენოს კეთილმეზობლური ურთიერთობები სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ისევე როგორც საკუთარი გეოგრაფიული მდებარეობა და აქტიურად ჩაერთოს ევროკავშირის სამშვიდობო ინიციატივაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


XS
SM
MD
LG