Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტი: შესაძლებელია მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება


სომხეთმა, შესაძლოა, აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა და "პირდაპირი დახმარება" გაუწიოს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას, აზერბაიჯანის ბოლოდროინდელ მოქმედებასთან და განცხადებებთან დაკავშირებით - ამ შინაარსის სიტყვებით გამოვიდა სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი. მისი თქმით, ერევანი ცდილობს თურქეთი ჩამოშორდეს მთიანი ყარაბაღის პრობლემას, და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რეგიონის სტატუსის შესახებ უწინდელ ფორმატში მოლაპარაკების განახლება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, თავის მხრივ განაცხადა, რომ თურქეთმა - ბაქოს მოკავშირემ - მონაწილეობა უნდა მიიღოს სამშვიდობო პროცესში.

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მესვეურებმა 5 ოქტომბერს ეუთის მიმართეს განცხადებით მათი დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობის თაობაზე. "შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო აღიარება რჩება ერთადერთ ქმედით მექანიზმად რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების აღსადგენად" - წერია განცხადებაში. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერებმა მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდეს დატოვონ აზერბაიჯანის ის ქალაქები, სადაც სამხედრო ობიექტებია განლაგებული. ისინი აცხადებენ, რომ ამ ქალაქებზე შესაძლოა განხორციელდეს დარტყმები, რაც იქნება პასუხი მთიან ყარაბაღში სტეფანაკერტის და სხვა დასახლებული ადგილებისთვის ცეცხლის გახსნაზე.

ერთი დღით ადრე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა აზერბაიჯანის ქალაქ განჯაზე, აზერბაიჯანის ხელისუფლება იუწყება სხვა ქალაქებისთვის გახსნილ ცეცხლზეც. სომხეთის მხარე თავდასხმებს უარყოფს.

ნატოს გენერალურმა მდივანი, იენს სტოლტენბერგი ორშაბათს გამოვიდა მოწოდებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მთიან ყარაბაღში და განაცხადა, რომ ეს კონფლიქტი ვერ გადაიჭრება სამხედრო გზით. სტოლტენბერგი ორშაბათს ჩავიდა თურქეთში, რომელიც კონფლიქტში აზერბაიჯანს უჭერს მხარს და ახლახან აკრიტიკებდა შერიგებისკენ მოწოდებებს აშშ-ის, საფრანგეთის და რუსეთის მხრიდან.

ერევანში ორშაბათს ჩაფრინდა თვითმფრინავი Ил-96, რომელიც ექვემდებარება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ეს თვითმფრინავი, როგორც წესი, უზრუნველყოფს რუსეთის მაღალჩინოსნების ფრენებს. სომხეთის ხელისუფლებაში დაადასტურეს თვითმფრინავის ჩაფრენის ფაქტი, თუმცა გაუჭირდათ თქმა, ვინ ჩავიდა მისით. ამ თემაზე კითხვას არ უპასუხა არც კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.

მთიანი ყარაბაღის გარშემო ესკალაციის ამჟამინდელი ტალღა 27 სექტემბერს დაიწყო.

მთიანი ყარაბაღი და მასთან მიმდებარე აზერბაიჯანის შვიდი ოლქი ხელში ჩაიგდეს სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს 1988-1994 წლების კონფლიქტის დროს. ამ კონფლიქტს ემსხვერპლა სულ მცირე 30,000 ადამიანი, ასი ათასობით პირი ლტოლვილად იქცა.

1994 წელს, რუსეთის შუამავლობით მიღწეული, მყიფე ზავის შემდეგ რეგიონს ეთნიკური სომხების ძალები აკონტროლებენ, რომელთა რიგებშიც, აზერბაიჯანის განცხადებით, სომხეთიდან გაგზავნილი სამხედროებიც არიან. მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა არც ერთ ქვეყანას არ აქვს აღიარებული.

XS
SM
MD
LG