Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გალში მოქალაქის დაკავებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში(სუს) აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

სუს-ის ინფორმაციით, 30 სექტემბერს, უკანონოდ დაკავების ფაქტის გამო დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი. ინფორმირებულნი არიან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორებიც.

სუს-ის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს უკანონოდ დაკავებული პირის ვინაობა: „ცხელი ხაზის საშუალებით გაგვიზიარეს ინფორმაცია მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. არსებული მონაცემებით უკანონოდ დაკავებული პირი იმყოფება ქ. გალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“.

სუს-ის განცხადებით, „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ, ადამიანების უკანონო დაკავების ფაქტებზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. საოკუპაციო რეჟიმის მიერ მართული აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება“.

30 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო, გალის რაიონში დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა.

XS
SM
MD
LG