ენმ ზუგდიდის საოლქო კომისიას კანონდარღვევაში ადანაშაულებს, ცესკო კი პარტიას - ხელისშეშლაში
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო კოდექსის დარღვევაში, კერძოდ კი კედლის სიებისა და საარჩევნო ინვენტარის არაუფლებამოსილი პირებისთვის გადაცემაში ადანაშაულებს. პარტიის წევრის კობა კვარაცხელიას თქმით, საარჩევნო უბნები 30 სექტემბერს იხსნება და ინვენტარის დარიგებაც ხვალიდან უნდა დაიწყოს. კობა კვარაცხელია პარტიის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად საოლქო საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდა. მის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს არ დაეთანხმნენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები. იყო სიტყვიერი დაპირისპირება. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
„ოლქი გვიმტკიცებს, რომ ესენი არჩეული კომისიის წევრები არიან, მაგრამ კოდექსში პირდაპირ წერია, რომ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება პირველი შეკრების დღიდან. პირველი შეკრების დღე არის ხვალ. ხვალ იხსნება უბნები და შესაბამისად, ინვენტარი მიდის სახლში არაუფლებამოსილ პირებთან. განგვიმარტონ, ვინ არის ეს ხალხი, ვის აძლევენ ამ ინვენტარს, ვის აძლევენ კედლის სიას და რომელი ინსტრუქციით, კანონის დადგენილებით ხელმძღვანელობს საოლქო საარჩევნო კომისია. ამ კითხვაზე მათი მხრიდან არის სრული დუმილი", - განუცხადა ჟურნალისტებს ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიასთან კობა კვარაცხელიამ.
ენმ-ის წევრების თქმით, მათი პარტიის წარმომადგენლებს უფლებამოსილ პირებს არ უშვებენ საოლქო საარჩევნო კომისიაში, რაც დამატებით კითხვებს აჩენს. კობა კვარაცხელიას განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული და უკვე დაიწყეს არჩევნების გაყალბებაზე მუშაობა. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოთქმული პრეტენზიები განიხილეს, როგორც სამუშაო პროცესში ხელის შეშლის ფაქტი.
საარჩევნო კომისიის წევრმა ზაზა ხვიტიამ განმარტა, რომ ინვენტარი უბნებში უფლებამოსილ პირს მიაქვს და კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. მომხდარს გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკო-ში განმარტავენ, რომ ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ. ცესკო-ში ირწმუნებიან, რომ ენმ-ის წევრები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს არ აძლევდნენ შესაძლებლობას საოლქო საარჩევნო კომისიიდან გაეტანათ პანდემიის პირობებში პირველი სხდომების ორგანიზებისთვის საჭირო ინვენტარი. „პარტიის წარმომადგენლები საღამოს განმავლობაში ბლოკავდნენ საოლქო კომისიის შესასვლელს, აჭარბებდნენ საკუთარ უფლებამოსილებას და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს არ უშვებდნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში, რითაც მიზანმიმართულად უშლიდნენ ხელს საარჩევნო პროცესს. ზემოაღნიშნული დასტურდება ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალებით“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხვალ, 30 სექტემბერს ასევე იგეგმება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაზე კამპანიური ხასიათის ზეწოლა, რომელიც დაიწყო ცესკო-სთან 28 სექტემბერს და დღეს უკვე გაგრძელდა მთაწმინდის და მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიებთან. „საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას იმისათვის, რომ არ დაუშვას ზეწოლა საკუთარ თანამშრომლებზე. ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დააკვირდნენ კამპანიური ხასიათის ზეწოლის ფაქტებს, რითაც ხელი ეშლება საარჩევნო ადმინისტრაციას კანონმდებლობით მინიჭებული საქმიანობების განხორციელებაში“, - აცხადებენ ცესკოში.