Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გელათის მონასტრის სახურავის ფრაგმენტს დროებით თუნუქით გადახურავენ


გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ტაძარის სახურავის გამოცვლამდე, ძეგლს დროებით თუნუქით გადახურავენ. ამ დროისთვის შენობა ხარაჩოებში ჩასვეს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხარვეზებს სარესტავრაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით გამოასწორებს.

დროებით გადაიხურება მთავარი ტაძრის გუმბათის ყელიც. ეს ის ადგილია, საიდანაც, კედლებისა და სახურავის შეპირაპირების მონაკვეთებზე ტაძარში წვიმის წყალმა გაჟონა.

დროებითი გადახურვების მოსაწყობად სპეციალური კონსტრუქცია აიგო ტაძრის საკურთხევლსა და პასტოფორიუმებზეც(დამხმარე საღვთისმსახურო სათავსო).

მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს სააგენტო ფეისბუქზე ავრცელებს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახლო მომავალში ტენტის რბილ გადახურვას მყარი სახურავი შეცვლის ტაძრის წმინდა მარინეს ეკვდერზეც(ეკლესიას მიშენებული მცირე ნაგებობა). ეს დაზიანებული კრამიტების ყველაზე კონცენტრირებული არეალია.

სააგენტოს ინფორმაციით, რესტავრაციის დროს გამოყენებული კრამიტის სტანდარტებთან შეუსაბამობა დაადასტურა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ. სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მოთხოვნით, შემსრულებელ კომპანია თავისი ხარჯებით შეცვლის ხარვეზიან კრამიტს.

სააგენტოს კველვაში აღწერილია ის დაზიანებებიც, რომელიც რესტავრაციის დროს დაშვებული შეცდომების გამო მიადგა ტაძარის ცალკეულ ფრაგმენტებს და მითითებულია, რომ კონსერვაციის დახმარებით ტაძრის ნესტიანი ფრაგმენტები ნელ-ნელა შრება. ექსპერტები ოქტომბრის პირველ რიცხვებში კიდევ ერთხელ შეამოწმებენ და შეაფასებენ კრიტიკულ ადგილების მდგომარეობას.

გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ტაძრის ნაწილი ლურჯი ტენტით ივლისში მას შემდეგ გადახურეს, რაც ტაძარში წვიმის წყლის ჩასვლის შედეგად კედლის მხატვრობას საფრთხე შეექმნა.

სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა დაზიანებული კრამიტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. გადახურვის დაზიანების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ.

მსოფლიო ბანკის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ამერიკის საელჩოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გელათის მონასტრის, როგორც კულტურული მნიშვნელობის ძეგლის კონსერვაცია და რეაბილიტაცია 10 წელზე მეტია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კოორდინაციით მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG