Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილჰამ ალიევი: საქართველომ არ დაუშვა იარაღის გადატანა სომხეთში თავისი ტერიტორიის გავლით


საქართველომ არ დაუშვა იარაღის გადატანა სომხეთში თავისი ტერიტორიის გავლით, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთისთვის რუსეთიდან და სერბეთიდან იარაღის მიწოდებაზე საუბრისას. ტექსტი აზერბაიჯანის ლიდერის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

საქართველომ იმოქმედა როგორც ძალიან საიმედო პარტნიორმა. მინდა მადლიერება გამოვხატო ამისთვის საქართველოს მთავრობის მიმართ, - განაცხადა ილჰამ ალიევმა:

„უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებს ამ მიმართულებით მაღალ შეფასებას ვაძლევ. როგორც თქვენთვისაა ცნობილი, საქართველომ არ დაუშვა თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის გადატანა. სწორედ ამიტომ სატრანსპორტო თვითმფრინავები სომხეთს კასპიის ქვეყნების ტერიტორიის გავლით იარაღით საჰაერო გზით ამარაგებენ. საქართველომ იმოქმედა როგორც ძალიან საიმედო პარტნიორმა. მინდა მადლიერება გამოვხატო საქართველოს მთავრობის მიმართ. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის სახით ჩვენ ვხედავთ საიმედო პარტნიორსა და მეგობარს. მთავრობათაშორისი ურთიერთობები ყოველდღიურად მტკიცდება, ხორციელდება ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი. უახლოეს მომავალში საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს გამართავს ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი. ახლა ვიზიტის პროგრამა მზადდება. ბევრი შეკითხვაა. ჩვენ გვაკავშირებს როგორც ისტორიული კავშირები, ისე საერთო ინტერესები. დღევანდელი კავშირები და თანამშრომლობის განვითარება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორივე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობები ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტში არიან და ეს მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის ტელეარხებთან საუბარში.

მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი „ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს განვითარებას, კეთილდღეობასა და სტაბილურობას“.

სომხეთი გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ აძლევდა ხმას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ გამოდიოდა, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა:

„შეხედეთ, როგორ იქცევა სომხეთი. საქართველოში მცხოვრები ზოგიერთი ადგილობრივი სომეხი, სომხეთის ხელმძღვანელების წაქეზებით, სეპარატიზმისკენ მიდრეკილებას ავლენს. ეშმაკურად პროვოკაციულ, იდეოლოგიურ საქმეს ეწევიან.

ნუთუ სომხეთი საქართველოს მიმართ გულწრფელ დამოკიდებულებას გამოხატავს? არა. ისინი უსაფუძვლო პრეტენზიებს გამოთქვამენ ქართული ეკლესიების მიმართ, რეგიონში, სადაც სომხები ცხოვრობენ, ხდება ისტორიული ძეგლების არმენიზირება, არ გამოხატავენ სათანადო პატივისცემას საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ. ამავდროულად, სომხეთი გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ აძლევდა ხმას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ გამოდიოდა. ეს როგორ შეიძლება? შენ არ აღიარებ ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხალხს არ დავიწყებია, თუ რა სისასტიკე ჩაიდინა ბაგრამიანის სომხურმა ბატალიონმა აფხაზეთის ომის დროს, ვის მხარეს იბრძოდა და ვის მხარეს იმყოფებიან ახლა სომხები, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ და ხელისუფლების დიდ ნაწილს დაეუფლნენ. აზერბაიჯანი კი ყოველთვის საქართველოს გვერდით იყო. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში აჩვენებდა და მომავალშიც აჩვენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ცალსახა პოზიციას. ამაშია განსხვავება. რა თქმა უნდა, მგონია, რომ ქართველმა ხალხმა დღეს კარგად იცის, ვინ არის მისი მეგობარი და ვინ - მტერი“, - განაცხადა ალიევმა.

პორტალმა haqqin.az-მა მიმდინარე წლის ივლისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, სერბეთიდან საქართველოს გავლით სომხეთმა მიიღო სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების დიდი პარტია. „სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ იმავე დღეებში სომხეთში უკვე რუსეთიდან ასევე საქართველოს გავლით KamAZ-ის მანქანებით შეიტანეს GRAD-ის გამშვები დანადგარი და ნაღმტყორცნების საბრძოლო მასალა“, - ნათქვამია სტატიაში.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს დროებითი რწმუნებული სერბეთის საკითხებში დანიცა ვეინოვიჩი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის საინფორმაციო საშუალებებმა დეზინფორმაციული ხასიათის სტატია გაავრცელეს.

საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ძმობას არაფერი ემუქრება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სომხეთისთვის საქართველოს გავლით იარაღის მიწოდების საკითხის კომენტირებისას.

რადიო თავისუფლებამ კომენტარისთვის მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს; უწყების პასუხი მიღების შემდეგ აისახება.

ასევე ნახეთ: პრეტენზიები საქართველოსთან - გამოხატავს თუ არა აზერბაიჯანული გამოცემის პოზიცია ოფიციალური ბაქოს წყენას

XS
SM
MD
LG