Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში კიდევ 14 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი, მათ შორის, „ენგურჰესის“ თანამშრომლებს


ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მცხოვრებ კიდევ 14 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი. სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას განცხადებით, ინფიცირებულებს შორის არიან „ენგურჰესის“ თანამშრომლები და მათი კონტაქტები. მალხაზ თორიამ აღნიშნა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

"გადმოყვანის პროცესი დაიწყო გუშინ და პერიოდულად გადმოჰყავთ ეს ადამიანები", - განმარტა მალხაზ თორიამ. მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, მათ რუხის კლინიკაში არ მოათავსებენ, რადგან აქ საკმარისი ადგილები არ არის. ისინი გადანაწილდებიან ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საავადმყოფოში.

დღეისთვის რუხის კლინიკაში 62 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული. კარანტინშია 290 პირი. თვითიზოლაციაში - 102.

11 სექტემბერს, ოკუპირებული საბერიოდან დანარჩენ საქართველოში 28 კოვიდინფიცირებული გადმოიყვანეს. აქედან 22 „ენგურჰესის“ თანამშრომელია. მანამდე კორონავირუსი ჰესის კიდევ 4 თანამშრომელს გამოუვლინდა. ყველა მათგანი ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებია.

„ენგურჰესის“ პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ინფიცირებული თანამშრომლები ონლაინ რეჟიმში მუშაობდნენ და მათ სხვა თანამშრომლებთან განსაკუთრებული შეხება არ ჰქონიათ. მათივე ცნობით, ამ ფაქტის მიუხედავად, "ენგურჰესის" ფუნქციონირებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება - ტექნიკური პერსონალი ცვლების მიხედვით არის განაწილებული და ობიექტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს.

საქართველოში 12 სექტემბერს კოვიდ-19-ის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2075 გახდა. ეს ამ დრომდე ერთ დღეში გამოვლენილი ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

XS
SM
MD
LG