Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის სათემო რადიო: ხელისუფლების მხარდაჭერით ჩვენს წინააღმდეგ მორიგი აქცია იგეგმება 


პანკისის სათემო რადიოს საგანგებო განცხადების თანახმად, ამ მედიასაშუალების დახურვის მოთხოვნით პანკისის ხეობაში მორიგი საპროტესტო აქცია იგეგმება. აქცია სავარაუდოდ დღეს, 5 სექტემბერს გაიმართება.

„აქცია ორგანიზებულია როდი სკოტის ფონდისა და რამდენიმე რადიკალურად განწყობილი ჯგუფის მიერ, სალაფიტური თემის ზოგიერთი ლიდერის, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით“, - ნათქვამია სათემო რადიო „ვეის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პანკისის სათემო რადიოს თანახმად, ამ მედიასაშუალების დახურვის მოთხოვნა მათ საქმიანობასა და მომზადებულ მასალებს უკავშირდება.

„რადიკალურად განწყობილი ჯგუფები რადიოს დახურვას ითხოვენ. პანკისის სათემო რადიოს დამფუძნებელთან საუბარში მათ აღნიშნეს, რომ რადიო არაობიექტურად აშუქებს 37 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმეს, რაც ჰესების მშენებლობაზე, ორ გვარს შორის დაწყებულ დავას უკავშირებს.

მათივე განცხადებით, სათემო რადიო პატივს არ სცემს ქისტების წესებს და აქტიური გაშუქებით ხელი შეუწყო სამი ახალგაზრდის დაკავებას, რომლებმაც ქუჩაში შორტებით გასვლის გამო მამა-შვილს სცემეს და მამას ხელი მოსტეხეს.

რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პანკისის სათემო რადიოს მუშაობის შეწყვეტის კიდევ ერთ მიზეზად ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას ასახელებენ.

მათ მიაჩნიათ, რომ პანკისის სათემო რადიომ თავისი არაერთი რეპორტაჟითა და ადგილობრივ მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის 2019 წლის 21 აპრილს მომხდარი შეტაკების პირდაპირ ეთერში გაშუქებით, ინვესტორის, კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრის, ლაშა იორდანიშვილის მიმართ უნდობლობა და წინააღმდეგობა გააღრმავა.

და რადგან იორდანიშვილს პანკისის ხეობაში მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა და ის ხეობიდან გააძევეს, პანკისის ხეობა სათემო რადიომაც უნდა დატოვოს“, - წერია რადიოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პანკისის სათემო რადიომ 1 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ახმეტის მერიის ორგანიზებულ აქციაზე რადიოს დარბევით ემუქრებოდნენ.

მედიასაშუალების განცხადებით, პირველი აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დაინტერესდნენ - თუ ვისზე აპირებდა მუნიციპალიტეტი იმ შენობის გასხვისებას, სადაც თავად რადიოა განთავსებული.

რადიოს წინააღმდეგ აგორებულ საპროტესტო ტალღას გამოეხმაურა კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ და მან შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდა. კოალიცია მიიჩნევს, რომ სახეზეა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის დანაშაულის ნიშნები.

კოალიციის „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პანკისის სათემო რადიოს დარბევის მუქარაზე მყისიერ რეაგირებას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG