ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბერლინში შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, სანქციები დაუწესონ 20-მდე მაღალი რანგის ბელარუს ოფიციალურ პირს, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ არჩევნების გაყალბებაში იყვნენ ჩართული და მონაწილეობდნენ 9 აგვისტოს სადავო არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლების სასტიკ ჩახშობაში. მინისტრებმა არ გამორიცხეს, რომ სანქციები შეეხოს ასევე პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას, თუ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევა არ შეწყდა.
ეუთო, თავის შეხვედრაზე ვენაში, 28 აგვისტოს, გამოვიდა წინადადებით, შუამავლობა გასწიოს ლუკაშენკას მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის. ოპოზიცია თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში გაყალბდა ლუკაშენკას სასარგებლოდ.
28 აგვისტოს, აშშ-ის, ევროკავშირისა და შვეიცარიის, მათთან ერთად კი ბრიტანეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც სოლიდარობას უცხადებენ ბელარუსის ხალხს და მათ გადაწყვეტილებას, მოხდეს დემოკრატიული ცვლილებები.
ბელარუსში სამი კვირაა მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები კენჭისყრის შემდეგ, რომლის ოფიციალური შედეგებით ლუკაშენკამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. შაბათ-კვირისთვის ქვეყანაში დაგეგმილია საპროტესტო დემონსტრაციები.