„ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ ამ სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად შექმნილი საქართველოს საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისია არაეფექტიანია:
„საკოორდინაციო უწყება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და რომელშიც შედიან სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, არის აბსოლუტურად არაეფექტიანი. არც ერთ წევრს აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, მაგრამ თავად იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სამუშაო ჯგუფი ინფორმაციას აწვდიდეს ზემდგომებს და პრემიერის დონეზე ხდებოდეს ამ ყველაფრის მონიტორინგი და ა.შ., მაგრამ ეს სისტემა არ მუშაობს, რადგან არ არის პოლიტიკური ნება, ადამიანური რესურსი. ეკონომიკის სამინისტროს არ ჰყავს ადამიანი, ვინც იქნება მიძღვნილი ამ საკითხისადმი ყოველდღიურ რეჟიმში. ამიტომ, ეს სისტემა ფაქტობრივად არ მუშაობს და არ აქვს ის რამდენიმე ფუნქცია, რაც მას ძალაუფლებას მისცემდა.
აქ პირველ რიგში ლაპარაკია პოლიტიკურ ნებაზე. როგორც იმართება დღეს [პანდემიის საკითხებზე] უწყებათაშორისი კომისია პრემიერის თაოსნობით, ამ ტიპის ნება, ჩართულობა თუ იქნება, დარწმუნებული იყავით, რომ ეს საკითხი გაუმჯობესდება ძალიან სწრაფ რეჟიმში. არსებობს გამოცდილება.
ახალს არაფერს ვიგონებთ. შეგვიძლია გადმოვიტანოთ. უბრალოდ, ყველა ასეთ საკითხს სჭირდება ხელისუფლების კეთილი ნება, სჭირდება საზოგადოების დაკვეთა და რამდენი 17 უნდა დაიღუპოს, რომ საზოგადოების დაკვეთა იყოს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება ამ ქვეყანაში?!“.
ეკა ლალიაშვილი ასახელებს რიცხვებს, რომლებიც მკაფიოდ აჩვენებს საგზაო უსაფრთხოების მხრივ არსებულ უმძიმეს სურათს:
„წლის განმავლობაში 500-მდე ადამიანი იღუპება და დაახლოებით 8000 ადამიანი იღებს მძიმე ტრავმას.
თუ შევადარებთ ნებისმიერი ტიპის გამოწვევას, რომელიც საქართველოს ჰქონია: იქნება ეს რუსეთ-საქართველოს ომი, პანდემია, არც ერთს ამდენი ადამიანი არ უმსხვერპლია.
ეს არ ჩერდება, ყოველწლიურად ემატება.
კამპანიაც იყო, სახელმწიფოს მიერ საკანონმდებლო ჩარჩოებიც გართულდა, ადმინისტრირებაც გაუმჯობესდა რაღაც პერიოდის განმავლობაში, მაგრამ არ გვაქვს გრძელვადიანი შედეგი, რადგან ამ საქმეს ფრაგმენტული მიდგომები არ შველის. ფრაგმენტულად შეიძლება ვისწავლოთ „გაკვეთილები“, რომ საფრთხეების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ მიუდგები თანმიმდევრულად.
ქულათა სისტემა გვახსოვს, შევიდა ძალაში. იმ წელს იყო საუკეთესო წელი სტატისტიკით, შეიძლება ითქვას - 10-12%-ით შემცირდა დაღუპულთა რიცხვი და ბოლო 8-10 წელიწადში ასეთი სტატისტიკა პრაქტიკულად არ ჰქონია ამ ქვეყანას. ასე თუ გაგრძელდებოდა, დღეს გვექნებოდა განახევრებული მსხვერპლის რიცხვი, მაგრამ ესეც ფრაგმენტული აღმოჩნდა“.
ეკა ლალიაშვილი თვლის, რომ, მართალია, მოკლე დროში მსხვერპლის რაოდენობის ნულამდე დაყვანა რთულია, მაგრამ დროთა განმავლობაში ამის მიღწევა შესაძლებელია, თუკი იქნება თანმიმდევრული მოქმედება. ამ გზაზე საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესების საჭიროებასაც ხედავს. ფიქრობს, რომ არსებული ჯარიმების ეფექტიანად ადმინისტრირება უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე ჯარიმების ოდენობის გაზრდა, რასაც აუცილებლად არ თვლის:
„არ დავარღვიოთ, არ დავჯარიმდებით - ეს არის მთავარი გზავნილი, მათთვის, ვინც ამბობს, რომ ბიუჯეტი ჩვენი ჯიბეებიდან ივსება.
საზოგადოების როლი, მისი სოლიდარობა ძალების გაერთიანების ნაწილია. მთავრობამ რა ღონისძიებებიც უნდა გაატაროს, საბოლოოდ მაინც სადამსჯელო ღონისძიებებამდე მივდივართ იმ აგრესიული მძღოლების მიმართ, ვინც არღვევს კანონს და ნუ გვექნება ასეთი განწყობა, რომ ჯარიმა მაინცდამაინც იმისთვის არის, რომ ბიუჯეტი შეივსოს. არა, ეს არის უსაფრთხოებისთვის.
არ არსებობს ქვეყანა, სადაც ჯარიმა, ვიდეო კამერა არ არის და ბევრად უფრო ხშირად ჯარიმდებიან, ვიდრე ჩვენთან, რადგან აქ ხშირად კამერები გათიშულია რატომღაც, არჩევნების წინ - განსაკუთრებით. ეს არის ძალიან ცუდი და სამწუხარო ფაქტი, რადგან უნდა დადგეს დრო და გაიმიჯნოს პოლიტიკა სოციალური საკითხისგან, მაგრამ თუ საზოგადოების დაკვეთა არ იქნება ამ კუთხით, თუ თითოეული ნაბიჯი, რომელიც გამკაცრებისკენ არის მიმართული, იქნება გაპროტესტებული, ბუნებრივია, სახელმწიფო ამ პასუხისმგებლობას თავის თავზე არ აიღებს, რადგან ოპოზიციასაც ბევრი სათქმელი აქვს ხოლმე. ეს საკითხი პოლიტიკისგან უნდა გაიმიჯნოს. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ყველაფერი უნდა კეთდებოდეს უსაფრთხოებისთვის. ხელისუფლებასაც მართებს კეთილგონიერება”.
„დილის საუბრების“ სტუმარი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოების ინფორმირებაზე ზრუნვას და ამის ეფექტიანობის მაგალითად მოჰყავს ქულათა სისტემის შემოღების თანმხლები საინფორმაციო კამპანიის ეფექტიანობა, რაც ასევე ფრაგმენტული აღმოჩნდა. ეკა ლალიაშვილი ხაზს უსვამს სიჩქარის ლიმიტების დაწევისა და კონტროლის მნიშვნელობას:
„მე და ჩემი კოლეგები ძალიან უკმაყოფილოები ვართ, რომ გვაქვს გზის ისეთი მონაკვეთები, სადაც სიჩქარე იმაზე მეტი ლიმიტით არის დაშვებული, ვიდრე ეს უსაფრთხოების მხრივ არის გამართლებული. მაგალითად, ქალაქის გზებზე საშუალო სიჩქარე 50კმ/სთ-ზე მეტი არ უნდა იყოს.
არის გზები, სადაც უფრო ნაკლები უნდა იყოს ლიმიტი - დასახლებულ უბნებში, სკოლისა და საბავშვო ბაღის ზონებთან. 20-30 კმ/სთ-იც კი ძალიან მაღალია ასეთ ზონებში“.
მძღოლების ცოდნა და მართვის მოწმობების გაცემის პროცედურების ხარისხი რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად:
„მაგ ნაწილში სერიოზული ჩავარდნები გვაქვს. ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მიეღოთ ცვლილებები და ჯერაც პარლამენტში დევს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს გამოცდის გარეთ გატანას. დღეს დახურულ სივრცეში ტარდება და გარეთ, რეალურ სივრცეში უნდა ტარდებოდეს. ვერ მივიდა საკითხი პლენარულ სხდომამდე“.
რადიო თავისუფლების რესპონდენტის თქმით, საჭიროა რეგულაციების დაექვემდებარონ ე.წ. სკუტერების მძღოლებიც:
„მსგავს სატრანსპორტო საშუალებებზე არავითარი რეგულაცია არ არსებობს... შსს-მ დაწერა პროექტი, რადგან სტატისტიკამ გვიჩვენა, რომ იმატებს მუდმივად ამ სატრანსპორტო საშუალებების ოდენობა და იმატებდა რისკები გზებზე. ერთ-ერთი მოწყვლადი, ავარიული საშუალებაა ე.წ. სკუტერი.
დიდ პატივს ვცემ ახალგაზრდებს, რომლებიც აქტიურად არიან დასაქმებულები მიტანის სერვისებში, მაგრამ ვიცით, რომ სერიოზული დამრღვევები არიან, ეჩქარებათ და ამ სიჩქარეში რასაკვირველია მეტ შეცდომას უშვებენ. გაცნობიერებულიც არ აქვთ“.