ბელარუსის ხელისუფლებამ დაადასტურა მესამე დემონსტრანტის სიკვდილი, რისი მიზეზიც გახდა მანქანის დაჯახება.
რუსულენოვან ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, რომლის თანახმად, ინციდენტი მოხდა 16 აგვისტოს გვიან ღამით.
„რენოს“ ფირმის მანქანა დაეჯახა 19 წლის ფეხით მოსიარულეს, რომელიც გზის სავალ ნაწილზე მოძრაობდა.
„მიღებული ტრავმების შედეგად ფეხით მოსიარულე შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. ცნობილია, რომ გზაზე მყოფი მამაკაცი მინსკში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე ღონისძიებების მონაწილე იყო“, - ნათქვამია ბელარუსის შსს-ს განცხადებაში.
9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთელ ბელარუსში დაწყებული აქციების დროს, სულ მცირე, ორი დემონსტრანტი დაიღუპა - მინსკელი, ალიაქსანდრ ტარაიკოვსკი და ჰომელის მცხოვრები, ალიაქსანდრ ვიხორი.
ბელარუსელ სამართალდამცველებს არც ერთი მათგანის სიკვდილი მაშინვე არ დაუდასტურებიათ.
ბელარუსის შსს ცდილობდა, ალიაქსანდრ ტარაიკოვსკი წარმოედგინა, როგორც „სისხლის სამართლის დამნაშავე“, რომელიც თვითნაკეთი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ მამაკაცი სპეცრაზმელთა სროლის შედეგად დაიღუპა. სავარაუდოდ, მას მკერდში მოხვდა ხმოვან-მანათობელი ყუმბარა.
მეორე, 25 წლის ალიაქსანდრ ვიხორი, ჰომელში დაიღუპა მას შემდეგ, რაც იგი დააკავეს სამართალდამცველებმა და დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდათ „ავტოზაკში“.
ვიხორს გულის პრობლემები აწუხებდა და დაკავების შემდეგ ცუდად გახდა. მაგრამ მილიციამ მას დროულად არ აღმოუჩინა დახმარება, რის გამოც დემონსტრანტის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.