Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ გამოაქვეყნა ხმების დასაცავად მომზადებული დეკლარაცია


„ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა დეკლარაცია, რომლითაც „საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია“ საერთო ამოცანად აცხადებს საარჩევნო ხმების დაცვას.

დეკლარაციის თანახმად, „ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა ქვეყნისთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის უმძიმეს გამოწვევას წარმოადგენს“.

„ივანიშვილი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებს რათა საზოგადოებაში ნიჰილიზმი დანერგოს, მოახდინოს მთელი პოლიტიკური პროცესის დისკრედიტაცია, ამ პირობებში ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა არჩევნების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა და მხარდაჭერა გავაძლიეროთ. არჩევნების გზით, მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილება, არის ის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას მისცემს საშუალებას მტკიცე ნაბიჯებით განაგრძოს სვლა დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ. სწორედ ასეთ საზოგადოებებშია ხელისუფლების ცვლა ნორმალური მოვლენა, რომელსაც მოქალაქეების დაყოფა და ურთიერთანგარიშსწორება არ მოჰყვება“.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ივანიშვილის რეჟიმის ხელშია მობილიზებული როგორც ადმინისტრაციული ისე ფინანსური რესურსის დიდი ნაწილი, სახელმწიფო ინსტიტუტები კი საზოგადოების ნაცვლად მმართველი გუნდის ინტერესებს ემსახურება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი დემოკრატიული ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობა თითოეული ხმის დასაცავად და საარჩევნო მანიპულაციების გამოსარიცხად“.

ოპოზიციური პარტიები აპირებენ, კოორდინირებულად იმუშაონ ყველა ოლქში, მათ შორის იქ, სადაც ერთმანეთის კონკურენტი კანდიდატები ჰყავთ: „პარტიების ამოცანა არა ცალკეული პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველთა ხმების დაცვა, არამედ მთელი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და თითოეული მოქალაქის არჩევანის დაცვა იქნება“.

ამ ამოცანის მისაღწევად ოპოზიცია აპირებს თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას: „ქვეყნის შიგნით, საარჩევნო პროცესისადმი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერასა და ხმების დაცვის მიზნით კოორდინაციასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები ვთანხმდებით, რომ ერთობლივად, შეთანხმებულად ვიმუშავებთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რათა არჩევნების ლეგიტიმურობის გარშემო არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები“.

„ლეიბორისტულ პარტიაში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ შეთანხმებას ხელს მოაწერს ყველა ოპოზიციური პარტია, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა ლეიბორისტთა ოფისში პერიოდულად მიმდინარე კონსულტაციებში.

XS
SM
MD
LG