ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „ეპიზოდი“, რომელშიც, როგორც წესი, მსოფლიო ლიტერატურის დიდი შედევრების მნიშვნელოვან ფრაგმენტზე ვამახვილებთ ყურადღებას, ამჟამად გთავაზობთ საუბარს ვლადიმირ ნაბოკოვის „ლოლიტას“ დამამთავრებელ ეპიზოდზე, რომელსაც „კუილტის მკვლელობა“ შეგვიძლია ვუწოდოთ. მეოცე საუკუნის ლიტერატურაში „ლოლიტას“ განსაკუთრებული როლი აქვს შესრულებული, როგორც ლიტერატურულ ბომბს, რომლის აფეთქების შემდეგ ე.წ. პოსტმოდერნიზმი დაიბადა. ნაბოკოვის ამ რომანს ხშირად „უჯრებიან წიგნს“ უწოდებენ, რადგან ნებისმიერი ეპიზოდის წაკითხვისას მკითხველი აწყდება საიდუმლო უჯრას, რომელშიც ახალი ინფორმაცია იმალება. როგორც ცნობილია, ესაა ე.წ. გამოცანებიანი რომანი, რომელშიც ავტორმა მკითხველთან თამაშის ახლებური წესები ჩამოაყალიბა. ამ თვალსაზრისით, ახალმა მწერლობამ აღარ გაითვალისწინა არისტოტელეს უძველესი დებულება, რომ ლიტერატურაში ყველაფერი კანონზომიერად, ალბათობით ან აუცილებლობით უნდა ხდებოდეს, რადგან ძველი ფილოსოფოსი დარწმუნებული იყო, რომ ლიტერატურა, ისტორიისგან განსხვავებით, დამაჯერებელი უნდა იყოს. რატომ თქვა ნაბოკოვმა დამაჯერებლობაზე აშკარა უარი; რატომ შექმნა მან რომანში ისედაც ნაკლებად დამაჯერებელი ჰუმბერტ ჰუმბერტის კიდევ უფრო ფეერიული ორეული საბავშვო პიესების ავტორის, პორნოფილმების რეჟისორის, იმპოტენტ კლერ კუილტის სახით, რომელთანაც მთხრობელს ლოლიტა გაექცა; რატომ არ გაჩერდა ლოლიტა კუილტის დეკადენტურ სასახლეში, თუ ეს კაცი უყვარდა; რატომ ვერ მოკლა მრავალი ტყვიით ჰუმბერტ ჰუმბერტმა კუილტი; რატომ წაუკითხა სიკვდილის წინ მკვლელმა მოსაკლავ კაცს უზარმაზარი ლექსი, რომლის ხარისხს შეეძლო მსხვერპლი უტყვიოდაც მოეკლა; რატომ დატოვა მკვლელმა მკვლელობის ადგილზე იარაღი და საკუთარი ლაბადა, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
ეპიზოდები
-
დეკემბერი 20, 2021
ლევან ბერძენიშვილი - პერსონაჟი: კირილე მიმინაშვილი
-
ნოემბერი 30, 2021
ლევან ბერძენიშვილი: ოთარ ჭილაძე, რკინის საწოლი
-
ნოემბერი 20, 2020
ღვთაებრივი დანტე ალიგიერი
-
ოქტომბერი 26, 2020
ნობელიატი ლუიზ გლიუკი
-
ოქტომბერი 12, 2020
წითლისა და შავის ამბავი | ლევან ბერძენიშვილი
-
სექტემბერი 21, 2020
„ილიადა“