საქართველოს მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებმა საპრეზიდენტო არჩევნებში მეექვსე ვადით არჩევა მიულოცეს ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომელმაც ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასაწარი შედეგებით, 9 აგვისტოს, ბელარუსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა დაახლოებით 80% მიიღო.
„დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შემდგომშიც შევძლებთ ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებას და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებას როგორც ორმხრივ საფუძველზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინტეგრაციული გაერთიანებების ფარგლებში“, - ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მისალოც დეპეშაში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, სატელეფონი საუბარში, პირადად მიულოცა არჩევნებში „დამაჯერებელი გამარჯვება“ ალიაქსანდრ ლუკაშენკას და ხაზი გაუსვა, რომ „აზერბაიჯანში განსაკუთრებით სცემენ პატივს ურთიერთობებს მოძმე ბელარუსის ხელისუფლებასთან“.
ბელარუსის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ალიაქსანდრ ლუკაშენკას არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს ვენესუელის, თურქეთის, მოლდოვის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებმაც.
ვლადიმირ პუტინს იმედი აქვს, ლუკაშენკას მოღვაწეობა ხელს შეუწყობს „ურთიერთობების გაღრმავებას სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში, დააჩქარებს ინტეგრაციულ პროცესებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ხაზით“.
პუტინის მისალოცში არაფერია ნათქვამი იმ რუს დაქირავებულ სამხედროებზე, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 33 წევრზე, რომლებიც ბელარუსის ხელისუფლებამ დააკავა მინსკში და არჩევნების პერიოდში დესტაბილიზაციის მოწყობაში დაადანაშაულა.
ალიაქსანდრ ლუკაშენკას გამარჯვება მიულოცეს ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებმა, ანატოლი ბიბილოვმა და ასლან ბჟანიამ.