„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, სამწუხაროა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" რეგიონებში თავისი მაჟორიტარი კანდიდატების დასახელების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მას კიდევ აქვს 1-2 დღე, რომ გადაწყვეტილება შეცვალოს და საერთო კანდიდატების შეთანხმების პროცესში ჩაერთოს:
„ჩვენ მათთან გვქონდა კონსულტაციები და ჯერ კიდევ მიგვაჩნია, რომ არის დრო, შემდეგი 1-2 დღე მაქსიმუმ, როდესაც მათ შეუძლიათ წამოვიდნენ ამ შეთანხმებაზე. შეთანხმებაზე, რომელიც გულისხმობს, რომ პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი დადგება და ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ, ხოლო სანაცვლოდ რამდენიმე ოლქში, 4 ოლქში იქნება „ევროპული საქართველოს“ კანდიდატები. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჯამურად 12 ოლქში და შეიძლება მეტშიც, თუ მათი მხრიდან თანხმობა იქნება, გვყავდეს შეთანხმებული კანდიდატები, რომლებსაც ექნებათ შანსი, რომ პირველ ტურში დაამარცხონ „ქართული ოცნება“. ეს ოლქები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ავიღეთ იმ შედეგების გათვალისწინებით, რომელიც 2018 წელს პირველი და მეორე ტურებში დადგა, ანუ ეს ის ოლქებია, სადაც თუ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ერთობლივი მხარდაჭერა ექნებათ კანდიდატებს, ალბათობა იმისა, რომ პირველ ტურში გაიმარჯვებენ, არის ძალიან მაღალი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. მისი თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოო უარს დააფიქსირებს, მაშინ „ევროპული საქართველო“ აპირებს სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების საფუძველზე დაასახელოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები:
„თუ მათი მხრიდან არის საბოლოო უარი და, როგორც ჩანს, აქეთ მიდის საქმე, ასეთ შემთხვევაში "ევროპული საქართველო" არის მოწადინებული, რომ სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად მოახდინოს კოორდინირება და მაჟორიტარულ ოლქებში, უკვე დანარჩენი ოპოზიციური პარტიების, „ევროპული საქართველო“ და სხვა ოპოზიციური პარტიების, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა", საერთო კანდიდატები იყოს წარდგენილი“, - სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ არჩევნებამდე 3 თვეა დარჩენილი და "ევროპულ საქართველოში" მიიჩნევენ, რომ პირველი აგვისტოსთვის საზოგადოებამ უკვე უნდა იცოდეს, ვინ არიან ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში.
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განმარტებით, პარტია თითქმის ყველა რეგიონში მაჟორიტარობის საკუთარ კანდიდატს დააყენებს და ტექნიკურ დათვლასა და არითმეტიკაში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს განცხადება რომან გოცირიძემ მედიასთან 29 ივლისს "ევროპული საქართველოს" შეთავაზების კომენტირებისას გააკეთა. ეს იყო პარტიის წარმომადგენელთა კიდევ ერთი კომენტარი იმაზე, რომ ისინი მაჟორიტარულ არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებენ მონაწილეობას.
"ევროპულმა საქართველომ" "ნაციონალურ მოძრაობას" მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების დასაყენებლად თანამშრომლობა და ორი გზა კი 27 ივლისს შესთავაზა. 28 ივლისს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ შეთავაზება იყო, 11 დიდ ქალაქში "ნაციონალურ მოძრაობას" დაესახელებინა კანდიდატები და 8 შედარებით მომცრო სამაჟორიტარო ოლქში - იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც თბილისში საერთო კანდიდატებზე შეჯერდნენ. გარდა ამისა, ბოკერიას თქმით, თუ შეთანხმება ვერ შედგებოდა, არსებობდა კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც, 12 მაჟორიტარული ოლქი 8/4-ზე პროპორციით "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის გადანაწილდებოდა.
ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობა", თბილისში 8 მაჟორიტარი კანდიდატის შერჩევისას გაერთიანდნენ და 6 ოლქში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი დაასახელეს. "ევროპული საქართველო" ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე რეგიონებშიც შეთანხმდნენ. "ნაციონალური მოძრაობა" 22-ვე მაჟორიტარულ ოლქში აპირებს საკუთარი კანდიდატების დასახელებას. დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში არ გამორიცხა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქშიც დაასახელოს.