თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მომუშავე დამოუკიდებელი ექსპერტებისა და გარდაცვლილის ოჯახის წევრების ადვოკატის განცხადებით, ცხედარზე ზედაპირული ტრავმული დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელი იყო, რადგან გვამური მოვლენები იყო შორს წასული. ექსპერტიზის წინსწარი დასკვნის მიხედვით, რომელიც ოჯახს უკვე გაეცნო და გვამის ზედაპირული დათვალიერების შემდეგ არის შედგენილი დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, ცხედარს არ აღენიშნებოდა ღია ტრავმული ან ძვლების დაზიანებები, არც ცეცხლსასროლი ჭრილობები.
ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, იმ დროს, როცა გვამი ნაპოვნი იქნა და ექსპერტიზაზე გადასვენებული, სიკვდილის ხანდაზმულობა 3-5 დღის იყო, რაც შეეხება სიკვდილის უშუალო მიზეზის დადგენას, ამისთვის მათ სჭირდებათ ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები, რომლისთვისაც ნიმუშები აღებულია. ექსპერტები რეკომენდირებულად მიიჩნევენ კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზის ჩატარებასაც სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით.
დამოუკიდებელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ექსპერიზის შედეგები გაცილებით ინფორმაციული იქნებოდა, ახალგაზრდა ქალის ცხედარი უფრო ადრე რომ ეპოვათ.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს პირველადი დათვალიერებით სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება, ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროც. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გვამის პოვნიდან 24 საათის გასვლის შემდეგ ჩანიშნულ ბრიფინგზე გაკეთდა განცხადება, საიდანაც ასევე გაირკვა ის, რომ გარდაცვლილსჰყავდა ფსიქოლოგი და რომ ის იმ ადგილიდან 15 კილომეტრის დაშორებით იპოვეს, სადაც “ჭკვიანმა” კამერებმა მისი მანქანა ბოლოს დააფიქსირეს.
თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 2020 წლის 22 ივლისს აღმოჩენილ იქნა მისსავე ავტომანქანაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანე გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.