Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მახარობლიშვილი: დოკუმენტი ძალიან ადრეულ ეტაპზეა და არასწორია მისი საბოლოო ფორმის განსაზღვრა


შემუშავების პროცესი ხანგრძლივია და ჯერ ძალიან ადრეა იმის განსაზღვრა, თუ რა ფორმას მიიღებს საბიუჯეტო კანონი საბოლოოდ, - ასეთ კომენტარს აკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის ქვეკომიტეტის მიერ დამტკიცებულ პროექტთან დაკავშირებით. 6 ივლისს დამტკიცებულ დოკუმენტში არსებული ჩანაწერის თანახმად, შესაძლოა შეიზღუდოს საქართველოსთვის გამიზნული ფულადი დახმარება.

ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება ხდება და საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ამერიკელი პარტნიორების ინფორმირებას.

„ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ დოკუმენტი შემუშავების ძალიან ადრეულ ეტაპზეა. დოკუმენტი წარმოდგენილ იქნა შესაბამისი კომიტეტის ქვეკომიტეტის მიერ პროექტის სახით. ის ექვემდებარება შემდგომ განხილვებს კომიტეტის ფარგლებში. ანალოგიური პროცესი უნდა წარიმართოს სენატის ქვეკომიტეტში და შესაბამის კომიტეტებში და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება დოკუმენტის შეთანხმება და შეჯერება წარმომადგენელთა პალატასა და სენატს შორის.

როგორც ჩანს, დოკუმენტს შემუშავების ხანგრძლივი პერიოდი აქვს და მიმდინარე ეტაპზე საერთოდ არასწორი იქნება იმის განსაზღვრა - თუ საბოლოო ჯამში ის რა ფორმას მიიღებს; მით უმეტეს, რომ იმ პროცესების ფონზეც, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიმართულებით და ამ კონტექსტში იმ გამოხმაურებების ფონზე, რაც როგორც კონგრესის მხრიდან, ასევე სახელმწიფო მდივნის მხრიდან გაკეთდა ბოლო პერიოდში. ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე, როგორც ზოგადად ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან კომუნიკაციას მათი მუდმივად ინფორმირების მიზნით“, - აცხადებს მახარობლიშვილი.

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის ქვეკომიტეტმა 6 ივლისს დაამტკიცა საბიუჯეტო კანონპროექტი, რომელიც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების შესაძლო შემცირებას გულისხმობს. ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად სახელდება მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, კანონის უზენაესობას, კორუფციასთან ბრძოლასა თუ ბიზნესის მდგომარეობას უკავშირდება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საბიუჯეტო კანონის მიხედვით საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 132 025 000 დოლარი. თუმცა ლაპარაკია ასევე, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გამოსაყოფი თანხის 15% შესაძლოა არ იქნას გაცემული - „ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ გამოიკვლევს და არ მოახსენებს ასიგნებების კომიტეტს იმის შესახებ, რომ მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს“.

ტექსტის თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ გადასადგმელი ნაბიჯები შემდეგი მიმართულებებით უნდა შეფასდეს: დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება; კორუფციასთან ბრძოლა (მათ შორის - ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების დამტკიცება); კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა კერძო სექტორში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ადამიანის უფლებების დაცვის ჩათვლით; უცხოური საწარმოებისთვის ზეწოლისგან თავისუფალი საქმიანობისა და კომერციული და ფინანსური მოგების მიღების უზრუნველყოფა საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შესაბამისად.

ოპოზიცია კონგრესის წიაღში დამტკიცებულ დოკუმენტს უპრეცედენტოს უწოდებს და თვლის, რომ საქართველოსთვის ამერიკის ფინანსური დახმარების შეზღუდვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დამღუპველი პოლიტიკის შედეგია.

XS
SM
MD
LG