Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა ელიზაბეთ შირლიმ აღიარა საიდუმლო ინფორმაციის რუსეთისათვის გადაცემის მცდელობა


აშშ-ის მოქალაქემ, ელიზაბეთ შირლიმ, თავი დამნაშავედ ცნო ზეგასაიდუმლოებული ინფორმაციის რუსეთის მთავრობისათვის გადაცემისა და, ასევე, თავისი მცირეწლოვანი შვილის საზღვარგარეთ უკანონოდ წაყვანის მცდელობაში.

შირლიმ, კერძოდ, აღიარა, რომ უკანონოდ ინახავდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მასალებს და აპირებდა რუსეთის წარმომადგენლისათვის მის გადაცემას, უსაფრთხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, 46 წლის შირლიმ საიდუმლო მასალებზე წვდომის უფლება 1994 წელს მიიღო, სამხედრო-საჰაერო ძალებში მუშაობის დროს.

სამხედრო კარიერის განმავლობაში ამერიკის მოქალაქე ქალი მუშაობდა ასევე სამხედრო-საზღვაო ძალების დაზვერვაში, ხოლო პენტაგონში დაკავებული იყო კიბერკვლევებით. ამ ხნის განმავლობაში, მას არაერთხელ ჰქონდა მიღებული ზესაიდუმლო მასალებზე წვდომის უფლება.

ელიზაბეთ შირლი 2019 წლის აგვისტოში დააკავეს. გამოძიების თანახმად, გასული წლის ივლისში შირლი მექსიკაში გაემგზავრა თავის ექვსი წლის შვილთან ერთად. ამასთან, იგი ბავშვისგან ცალკე ცხოვრობდა, ხოლო გოგონას მეურვედ მამა ითვლებოდა.

მექსიკიდან შირლი გეგმავდა რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებას და თხოვნას, თავშესაფარი მიეცათ ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ მოახდენდა მის ექსტრადირებას აშშ-ში.

ამერიკელ მოქალაქეს თან ჰქონდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ზესაიდუმლო მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს თანხმად, მექსიკიდან შირლიმ წერილი მისწერა რუსეთის ხელისუფლებას, რომელშიც იტყობინებოდა თავის საქმიანობასთან დაკავშირებული საგნების აშშ-იდან სასწრაფოდ გაგზავნის აუცილებლობის თაობაზე, „ვიდრე მას ჩამოართმევდნენ და გაანადგურებდნენ“.

შირლის ემუქრება 10 წლით პატიმრობა საიდუმლო ინფორმაციის შენახვისათვის და კიდევ სამი წელი - საზღვარგარეთ ბავშვის უკანონოდ გაყვანისათვის.

რუსეთს ელიზაბეთ შირლის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG