- განსხვავებული ვერსიების კვეთა - დახეული პერანგი
- სად დაიხა პერანგი?
- რა წერია ვახო ახვლედიანისა და მისი პერანგის შესახებ საგამოძიებო მასალებში?
- თეთრი პერანგი - დაკარგული ნივთმტკიცება
- ახვლედიანი - გიორგი შაქარაშვილის ერთ-ერთი ბოლო თვითმხილველი
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში, დამატებით კითხვებს აჩენს მოწმეთა შეცვლილი ჩვენებები. როგორც გიორგი შაქარაშვილის ათტომიანი საქმის მასალებიდან ირკვევა, 19 ივნისის ღამეს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე, გიორგი შაქარაშვილთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს საკუთარ ჩვენებებში გარკვეული ცვლილებები შეაქვთ, რაც კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს.
კითხვებს აჩენს, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმისა და გამოძიების მიერ დაზარალებულად ცნობილი, ვახტანგ ახვლედიანის ადვოკატის, მზია ქასრაშვილის კომენტარებიც, რომლებიც მან რადიო თავისუფლებას უკანასკნელი დღეების განმავლობაში, რამდენჯერმე მისცა.
19 წლის ვახტანგ ახვლედიანი იყო ერთ-ერთი ბოლო, რომელმაც 19 ივნისის ღამეს, არაგვის ხეობისკენ გაქცეული გიორგი დაინახა.
სხვა მთავარი მოწმეების მსგავსად, ორი ჩვენება აქვს მიცემული გამოძიებისთვის ვახტანგ ახვლედიანსაც. პირველი, 19 ივნისს, საღამოს საათებში, ადვოკატის გარეშე და მეორე 23 ივნისს, ადვოკატ მზია ქასრაშვილთან ერთად.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ რამდენიმე დღის წინ, ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ვახტანგ ახვლედიანს მხოლოდ ერთი ჩვენება აქვს მიცემული. ახვლედიანის ორივე ჩვენება შაქარაშვილის ათტომიან საქმეში დევს.
რადიო თავისუფლება მზია ქასრაშვილს, როგორც საქმის ერთ-ერთი მოწმის ადვოკატს, პირველად 22 ივნისს ელაპარაკა. მეორე საუბარი 23 ივნისს, მას შემდეგ შედგა, რაც მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ მზია ქასრაშვილის დაცვის ქვეშ მყოფი პირი, გამოძიებამ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად წაიყვანა.
23 ივნისს ჩაწერილი კომენტარი სრულიად განსხვავდება იმ კომენტარისგან, რომელიც მზია ქასრაშვილმა რადიო თავისუფლებას რამდენიმე დღის შემდეგ, 29 ივნისს მისცა.
თუკი 23 ივნისს მზია ქასრაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ და მხოლოდ, მისივე სიტყვებით, „ბავშვების ჩხუბში“, ანუ, მცხეთის აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში და არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა არც მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირსა და არც თავად მას, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ავტომაგისტრალზე, რადგან აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, მეგობრებთან და იუბილართან ერთად, ლისზე წავიდნენ დაბადების დღის აღსანიშნავად, რამდენიმე დღეში, 27 ივნისს, როდესაც საგამოძიებო უწყებამ გაავრცელა გამოძიებაში არსებული ვიდეოკადრები, ირკვევა, რომ ვახტანგ ახვლედიანი, მცხეთის მაგისტრალზე, ინციდენტის დროს, გიორგი შაქარაშვილთან ერთად იყო. სწორედ ამ ვერსიაზე ელაპარაკება მზია ქასრაშვილი რადიო თავისუფლებას უკვე 29 ივნისს და აბსოლუტურად გამორიცხავს თავის პირველ ვერსიას.
ადვოკატის ურთიერთგამომრიცხავი კომენტარებიდან გამომდინარე, 29 ივნისს, რადიო თავისუფლება მზია ქასრაშვილს ეკითხება, - „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ერთ პირს, ვახო ახვლედიანს იცავდით?“, რაზეც ის გვპასუხობს -„დიახ“.
მომდევნო დღეს, 30 ივნისს კი, ამავე კითხვაზე, ადვოკატი გვპასუხობს, რომ ის ორ პირს იცავდა და კომენტარების სხვადასხვა შინაარსსაც სწორედ ამ მიზეზით ხსნის. თუმცა, ადვოკატის თქმითვე, მეორე პირს ის აღარ იცავს და მისი ვინაობის გამხელას აზრი არ აქვს.
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მასალების თანახმად, ადვოკატი მზია ქასრაშვილი ნამდვილად წარმოადგენდა გამოძიების პირველ ეტაპზე კიდევ ერთ მოწმეს. თუმცა, უკვე 22 ივნისიდან, ის ვახტანგ ახვლედიანის ადვოკატად რეგისტრირდება და, შესაბამისად, 23 ივნისიდან მოყოლებული, რადიო თავისუფლებისათვის სხვადასხვა დროს მიცემული ურთიერთგამომრიცხავი კომენტარებიც, სწორედ ვახტანგ ახვლედიანს ეხება.
ამ კომენტარებში ყველაზე ნიშანდობლივია მზია ქასრაშვილის დროსა და სივრცეში აცდენილი ვერსიები, რომელთაც ერთი „დახეული პერანგი“ აერთიანებთ. პერანგი, რომელიც ვახტანგ ახვლედიანს ეკუთვნის.
განსხვავებული ვერსიების კვეთა - დახეული პერანგი
22-23 ივნისის ღამეს, მზია ქასრაშვილის დაცვის ქვეშ მყოფი პირი, საგამოძიებო უწყებამ, ე.წ. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად, ინციდენტის ადგილას წაიყვანა. 23 ივნისს, რადიო თავისუფლება უკავშირდება მზია ქასრაშვილს, რათა ჩაიწეროს კომენტარი დამატებითი დეტალების გასარკვევად:
„გავედით შემთხვევის ადგილზე და დავათვალიერეთ ტერიტორია. ეს თქვენ, ჟურნალისტებს, ნამდვილად არ გაინტერესებთ და არ გეხებათ. პერანგშემოხეული ბავშვი რომ ნაგავში აგდებს პერანგს, ეს რაში გაინტერესებთ? ამ პერანგის ამოღება იყო და მეტი არაფერი. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა და ეს ინფორმაცია თქვენ არაფერს გაძლევთ. შემიძლია გითხრათ, რომ ამ საქმეში კონფლიქტი იყოფა პირველ და მეორე ჩხუბად. მოდით, პირველ ჩხუბს დავარქვათ „ბავშვების ჩხუბი“. ამ ჩხუბში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს დაუზიანდა პერანგი და მშობლებს რომ არ შეემჩნიათ სახლში, გაიხადა და ჩააგდო ნაგავში. აგარაკზე არ გადაუგდია ეს პერანგი, სხვაგან გადააგდო. ტერიტორიას ვერ დაგისახელებთ. სწორედ იმ ადგილას მივედით და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა გამოძიებას მიუთითა, სად ჩააგდო პერანგი“.
ამავე კომენტარში მზია ქასრაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ აგარაკზე დაწყებული დაპირისპირების შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, მისი მეგობრები და იუბილარი, მიდიან ლისზე მდებარე ერთ-ერთი მეგობრის სახლში, რათა იქ განაგრძონ დაბადების დღის აღნიშვნა. შესაბამისად, მათთვის უცნობია, რა მოხდა თბილისი-ლესელიძე-სენაკის საავტომობილო გზაზე.
რადიო თავისუფლება მზია ქასრაშვილს 29 ივნისს, კვლავ უკავშირდება.
ამჯერად, მზია ქასრაშვილი გვიყვება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვახტანგ ახვლედიანი, გიორგი შაქარაშვილთან ერთად, იმყოფებოდა მაგისტრალზე და სწორედ იქ გაუსწორდნენ მას ფიზიკურად თბილისიდან ჩასული პირები. ამ კომენტარში, ის აბსოლუტურად გამორიცხავს ახვლედიანის აგარაკის ინციდენტში მონაწილეობას:
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არანაირ აგარაკის დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია. ის ფიგურირებს ამ საქმის მხოლოდ მეორე, ხიდის ნაწილში, იქ გაუტყდა მას თავი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი აგარაკიდან ხუთ პირთან, მათ შორის, გიორგი შაქარაშვილთან ერთად წამოვიდა ფეხით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არის ერთ-ერთი ბოლო, რომელმაც დაინახა გაქცეული გიორგი შაქარაშვილი. ჯერ გარბოდა გიორგი, შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი და მესამე, ამირხანაშვილი. მას შემდეგ, რაც თავდამსხმელები წავიდნენ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დაუკავშირდა ლისზე მყოფ მეგობრებს, მათ გამოიძახეს ტაქსი და ტაქსმა წამოიყვანა სახლში“.
სად დაიხა პერანგი?
23 ივნისს, მზია ქასრაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და სამართალდამცავებს აჩვენა ის დახეული პერანგი, რომელიც მას „ბავშვების ჩხუბში“ დაეხა და იმის გამო, რომ სახლში დახეული პერანგით არ მისულიყო, გაიხადა და გადააგდო.
30 ივნისს კი მზია ქასრაშვილი პერანგის დახევის სულ სხვა ვერსიას გვიყვება. მისი თქმით, ვახო ახვლედიანს პერანგი დაეხა მეორე დაპირისპირებისას, მაგისტრალზე:
„რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ დაარტყეს და გაიქცნენ და ჩავარდა, სადღაც ქვესკნელში, მაშინ გაეხა და ბავშვი ეკლებისგან არის დაგლეჯილი“.
რადიო თავისუფლება: 23 ივნისს, თქვენ მეუბნებით, რომ ბიჭს პერანგი დაეხა ე.წ. ბავშვების ჩხუბში, აგარაკზე, გვაქვს ჩანაწერიც.
მზია ქასრაშვილი: არა, რა სისულელეა. ვახო ახვლედიანს პირველ ჩხუბში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.
რა წერია ვახო ახვლედიანისა და მისი პერანგის შესახებ საგამოძიებო მასალებში?
გამოძების მასალების თანახმად, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, ვახტანგ ახვლედიანი ფიგურირებს როგორც მცხეთაში, აგარაკზე დაწყებულ კონფლიქტში, ისე მაგისტრალის ინციდენტში. ამას ადასტურებს გამოძიების მიერ გამოქვეყნებული კადრებიც, სადაც, მცხეთის საავტომობილო ტრასაზე მიმავალი ახალგაზრდები, მათ შორის გიორგი შაქარაშვილი, ვახტანგ ახვლედიანს თეთრ პერანგზე, სისხლის ლაქაზე მიუთითებენ.
მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებში, აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე ახალგაზრდებს შორის, გამომძიებლები ვახტანგ ახვლედიანის სახელსა და გვარსაც მიუთითებენ, თავად ახვლედიანი საქმეში არსებულ ჩვენებებში წერს, რომ აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში მას მონაწილეობა არ მიუღია:
„ჩხუბი და გაწევ-გამოწევა მე შევნიშნე კაფე-ბარის ეზოში, როდესაც შემთხვევით გამოვედი გარეთ. ამის შემდეგ ჩხუბი მალევე შეწყდა. ჩხუბში ან მოჩხუბართა გაშველებაში, მონაწილეობა არ მიმიღია“.
თეთრი პერანგი - დაკარგული ნივთმტკიცება
ახვლედიანი საკუთარ ჩვენებაში წერს, რომ პერანგი დაეხა საავტომობილო ტრასაზე მომხდარი დაპირისპირებისას:
„ამ ჩხუბის დროს მე მეცვა თეთრი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი და ლურჯი ფერის ნაჭრის შორტები. როდესაც მე მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, შემომეხა პერანგი და რადგანაც ის იყო დახეული, თბილისში ჩამოსვლისას, ჩემს უბანში მდგარ ურნაში გადავაგდე, ხოლო შორტები გამოვიცვალე სახლში და ამჟამად ვინახავ ჩემს საცხოვრებელ სახლში“.
ვახო ახვლედიანის ლურჯი შორტები, საქმის მასალების თანახმად, გამოძიებამ ახვლედიანის სახლიდან 20 ივნისს, გამთენიისას ამოიღო. რაც შეეხება თეთრ პერანგს, მიუხედავად იმისა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 21 ივნისით დათარიღებულ განჩინებაში წერია, რომ „ვინაიდან ვახტანგ ახვლედიანის ტანსაცმელი წარმოადგენს მოწმეების მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორის ანდა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების განმახორციელებლის დასადგენად მნიშვნელოვან მტკიცებულებას“ და ტანსაცმლის ამოღების ღონისძიება დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს, ამ განჩინებაში არაფერი წერია საქმის ერთ-ერთი მთავარი ნივთმტკიცების, ახვლედიანის თეთრი პერანგის შესახებ.
თეთრი პერანგის ადგილმდებარეობის სანახავად, ვახტანგ ახვლედიანს გამომძიებლები 22-23 ივნისის ღამეს, ინციდენტიდან ოთხი ღამის შემდეგ, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მიჰყავს. რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში კი ვკითხულობთ:
„მივყავართ სკვერში არსებულ ნაგვის ურნასთან და განმარტავს, რომ სწორედ აღნიშნულ ურნაში გადააგდო 2020 წლის 19 ივნისს მცხეთაში მომხდარი ჩხუბის დროს დაზიანებული მისი კუთვნილი თეთრი პერანგი. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, რაიმე სახის მტკიცებულება ნანახი და შესაბამისად, ამოღებული, არ ყოფილა“.
რატომ არ მოიკითხა გამოძიებამ თეთრი პერანგი 20 ივნისის ღამესვე, როდესაც ვახტანგ ახვლედიანის შორტების ამოღების პროცედურა ჩაატარა, ამის შესახებ საგამოძიებო დოკუმენტებში არაფერი წერია.
ახვლედიანი - გიორგი შაქარაშვილის ერთ-ერთი ბოლო თვითმხილველი
ვახტანგ ახვლედიანი ერთ-ერთი ბოლოა იმ ხუთ ახალგაზრდას შორის, რომელმაც 19 ივნისის ღამეს, მდინარე არაგვის ხევისკენ გაქცეული გიორგი დაინახა.
მისი ჩვენების თანახმად, ხევისკენ ჯერ გიორგი შაქარაშვილი გარბოდა, შემდეგ თავად ის და უკან მისდევდა კიდევ ერთი ახალგაზრდა, გურამ ამირხანაშვილი.
ვახტანგ ახვლედიანი 23 ივნისს მიცემულ ჩვენებაში წერს:
„გიორგი შაქარაშვილმა ხიდზე სირბილისას, დაახლოებით შუა ნაწილში, ხიდის მეორე მხარეს გადაირბინა და მეც ამ მიმართულებით წავედი. ის იყო ჩემს წინ დაახლოებით 5 ნაბიჯით. ამ დროს, ჩვენი მიმართულებით ისმოდა გინება იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მოგვდევდა. ხიდის მარჯვენა მხარეს გაჩნდა ცენტრალური გზიდან გადახვევის შესაძლებლობა. გადავუხვიე მარჯვენა მხარეს და გადავედი ცენტრალური საავტომობილო გზიდან, რათა დავმალულიყავი, სადაც ჩავუხვიე, რელიეფი იყო უსწორმასწორო, გარკვეულად ციცაბო... განცდილი შიშიდან გამომდინარე, მოვახერხე ხიდიდან ქვემოთ ჩასვლა, საიდანაც აღმოვჩნდი ვიწრო საავტომობილო გზაზე, ამ გზაზე ჩავირბინე ოდნავ დაბლა... დაახლოებით 15-20 მეტრი გავირბინე, შევნიშნე ვიწრო ჩასასვლელი და იქვე დავიმალე ეკალბარდებში. უკან არ მომიხედავს და არ ვიცი, მომდევდა თუ არა ვინმე. მესმოდა სირბილით ნაბიჯების ხმა, ასევე ძახილი „სად ხართ?!“... ჩამოხვევის შემდეგ ვერ დავინახე გიორგი შაქარაშვილის გადაადგილების ტრაექტორია. იქიდან გამომდინარე, რომ დამალვის შემდეგ მესმოდა სირბილის, ნაბიჯების ხმა, ხსენებულ ვიწრო გზაზე აშკარად ხდებოდა გადაადგილებები. დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში მესმოდა ფეხის ხმა, ისინი ყვიროდნენ, სად ხართ, გამოდით და ა.შ. თუმცა, შიშის გამო ხმას არ ვიღებდი“.
19 ივნისს მიცემულ ჩვენებაში კი ვახტანგ ახვლედიანი წერს, რომ მან დაინახა, როგორ გაედევნენ შაქარაშვილს თავდამსხმელები:
„მე სანამ ჩავუხვევდი ბუჩქებისკენ, დავინახე, რომ ჩემს წინ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი, ვინც მოგვდევდნენ, გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს, ხოლო შემდეგ, ვინ სად გაიქცა, არ დამინახავს. ვიჯექი ჩუმად და ვიმალებოდი ბუჩქებში, რა დროსაც, საავტომობილო მხრიდან დაახლოებით 10 წუთი მესმოდა ძახილი: სად გაიქეცით, გამოდითო და თან გვაგინებდნენ“.
გამომძიებლის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი თქვენი და თქვენი თანმხლები პირების მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების ან სიცოცხლის მოსპობის მუქარას, 23 ივნისს მიცემულ ჩვენებაში, ვახტანგ ახვლედიანი პასუხობს:
„ფაქტობრივად, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, აშკარა იყო, რომ მათ ჩვენი ცემა უნდოდათ, სიტყვიერად არ უთქვამთ ეს“.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე ამბობს, რომ როდესაც ის იმალებოდა ეკალბარდებში, არ გაუგია გიორგი შაქარაშვილის ყვირილი:
„არცერთი ჩემი თანმხლები პირის ყვირილი არ გამიგია. არცერთს არ დაუძახია დასახმარებლად“.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
ამავე თემაზე წაიკითხეთ:
ვის ეკუთვნის ხიდის ქვეშ ნაპოვნი წინდები, რომლებიც ფეხბურთელის საქმეში დევს
გადაიღო თუ არა ინციდენტის კადრები ფეხბურთელის საქმის მოწმე ფოტოგრაფმა?
გიორგი შაქარაშვილის საქმე