შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური გამოეხმაურა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო ნომრით მოძრავი ავტომობილების სიმრავლის თაობაზე. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, შს მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს საზღვარი დაკეტილია და არ არსებობს გამონაკლისები, შემოდიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები.
„საზღვრები დაკეტილია ყველა მიმართულებით, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე რუსეთთან. მხოლოდ და მხოლოდ გახსნილია იმ შემთხვევაში, თუ არის ჩვენი მოქალაქე, თუმცა შემოსვლის დროს მიდის 2-ორკვირიან კარანტინში ყველა მათგანი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისი სიტყვებით, საქართველოში უმეტესად შემოდიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.
„ესენი არიან ორმაგი მოქალაქეები, საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა [ვისაც] აქვს. სტუმრებს, ვიზიტორებს, ვინც შემოდიან და არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც არიან მათი ან შვილები ან მეუღლეები, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ისინი შევაჩეროთ ან გავაბრუნოთ უკან. მშობლები თუ არიან ორმაგი მოქალაქეები, შვილს ჩვენ ვერ დავტოვებთ სხვა ქვეყანაში, თუმცა მას ხშირ შემთხვევაში არ აქვს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისი სიტყვებით, ასე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „დადიან რუსეთის ნომრიანი მანქანები და რუსეთის მოქალაქეები“, მისივე განმარტებით, საქართველოში არის ძალიან ბევრი რუსეთის მოქალაქე დარჩენილი, ვინც არ წავიდა კოროვანირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ და დარჩა საქართველოში და ისინი ლეგალური საფუძვლით იმყოფებიან აქ.
„უკვე რამდენი თვე გამოდის, უკვე აქ არიან, არ ტოვებენ ისინი ქვეყანას, ლეგალურად არიან, მათ უფლება აქვთ ჯერჯერობით იყვნენ, ანუ ვადა არ გათავებიათ საქართველოში ყოფნის უფლების. აქედან გამომდინარე, მათ იძულებით ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.