Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ელჩი: სავსებით ცხადია, იქ ბატონი რურუა და სხვა ადამიანები დასახელებულნი არ არიან


ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს გაფორმებული შეთანხმების შესახებ ილაპარაკა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ კნირშმა.

მან განმარტა, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება და მასში კონკრეტული ადამიანები არ არიან დასახელებულები.

„8 მარტის შეთანხმებები მაშინვე გახდა საჯარო. ისინი ორ ტექსტშია ასახული, რომელიც ინტერნეტში დევს და რომლის შესახებაც ყველამ იცის. სავსებით ცხადია, რომ იქ ბატონი რურუა და სხვა ადამიანები დასახელებულნი არ არიან. ეს სრულიად ცხადია. ახლა მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ცვლილებების მიღება.

ჩვენ, როგორც ფასილიტატორთა ჯგუფმა, მოვუწოდეთ პოლიტიკურ ძალებს, რათა გაერთიანდნენ, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში, რომელიც ორშაბათს ჩატარდება და დაამტკიცონ ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც საქართველოს უკეთეს საარჩევნო სისტემას მისცემს. კარგი საარჩევნო კანონი ოპოზიციის უფლება კი არ არის, რომელსაც მას ან მისცემ, ან - არა. ის ადამიანების უფლებაა“, - ამბობს კნირში.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა ფასილიტატორი დიპლომატების აქტიური მონაწილეობით, 8 მარტს მიაღწიეს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ შეთანხმებას.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფდა.

15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა პარტია „ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა და „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

როგორც ოპოზიცია აცხადებს, პატიმრობიდან ასევე უნდა გათავისუფლდეს „მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა, რასაც გულისხმობს 8 მარტს გაფორმებული შეთანხმება.

25 ივნისს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა თქვა, რომ მიღწეული ორმხრივი კომპრომისის შემდეგ სურს იხილოს, როგორ შესრულდება შეთანხმების ორივე პირობა.

„ჩვენი განცხადებებით ცხადად ვთქვით, რომ, როგორც ფასილიტატორები, კომენტარს არ გავაკეთებთ შეთანხმების სპეციფიკურ დეტალებზე. 8 მარტის შეთანხმება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდა. ეს იყო მისი ნამდვილი წარმატება - რომ ისინი შეიკრიბნენ, რთულ კომპრომისებზე წავიდნენ და საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწიეს. ახლა კი ყველას სურს, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს. ორი კენჭისყრა გვქონდა შეთანხმების იმ ნაწილზე, რომელიც შეეხებოდა საარჩევნო სისტემას მომავალი არჩევნებისათვის. ასევე უნდა შესრულდეს ერთობლივი განცხადება, რომელიც შეეხება პოლიტიკურ ჩარევას და სასამართლო პროცესს და შერჩევით გამოძიებას“, - განაცხდა კელი დეგნანმა.

XS
SM
MD
LG