Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ელჩი შეშფოთებას გამოხატავს NGO-ების მხრიდან სოფიო კილაძის მისამართით კრიტიკის გამო


ჰუბერტ კნირში
ჰუბერტ კნირში

გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ კნირში გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს შორის დაპირისპირების თემას.

მიმდინარე კვირაში საქართველოს 53-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართა, არ აირჩიოს კომიტეტის წევრად პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე, რომელიც, მათი თქმით, არ აკმაყოფილებს ამ თანამდებობისთვის აუცილებელ პირობებს.

ჰუბერტ კნირშის წერილი მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის ერთ-ერთი ორგანიზატორის ანა აბაშიძისადმი („პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“).

გერმანიის ელჩი შეშფოთებას გამოხატავს სოფიო კილაძის მისამართით კრიტიკის გამო.

„სამწუხაროდ, როგორც ყველამ ვიცით, პირადი ხასიათის თავდასხმები ხდება ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს შორის, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც მიუღებლად პოლარიზებულია პოლიტიკური ლანდშაფტი. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ იმას, რომ მათ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიონ პრობლემებზე და მათ მიზეზებზე, იმის ნაცვლად, რომ დაეშვან ასეთ დონეზე. მენდეთ, მისია ჟენევაში ადეკვატურ ინფორმაციას იღებს ამ და სხვა საელჩოებისგან, რათა აზრი შეიქმნან ყოველ წარდგენილ კანდიდატზე,“ წერს ჰუბერტ კნირში.

53 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვას 23 ივნისს გამოეხმაურა თავად სოფიო კილაძე.

"ერთადერთი, რაც შემიძლია ამ შემთხვევაში ვთქვა, არის ის, რომ როდესაც NGO-ების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ, ამიტომ გავაგრძელებ სწორი გზით სიარულს და იმ ბავშვების უფლებების დაცვას, რომელსაც ჩვენ ყველაზე მეტად ვაფასებთ", - თქვა კილაძემ.

XS
SM
MD
LG