Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერია და ელისაშვილი ერთმანეთს პოლიტიკურ ვაჭრობაში ადანაშაულებენ


"სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია ერთმანეთს თბილისში მაჟორიტარული უბნების საკითხზე "ვაჭრობაში" ადანაშაულებენ.

ბოკერია ამბობს, რომ ელისაშვილმა არ შეიძლება ილაპარაკოს პოლიტიკურ ვაჭრობაზე, რადგან თვითონ ის იყო ჩართული ამ პროცესში და თბილისის ორ მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატის დაყენება უნდოდა. მისი თქმით, ელისაშვილს ერთ-ერთ კანდიდატად ლევან იოსელიანის წარდგენა სურდა, რომელმაც გასულ არჩევნებზე იმაზე 5-ჯერ ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე ახლა დაყენებულმა კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ.

"მერე გამოვიდა და თქვა, რომ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მიიღებდა. თუ იმას [მაჟორიტარების გადანაწილებას] ვაჭრობას ეძახის, ვაჭრობაა ესეც. უწესობა და უზნეობა ცუდი საქციელია და მერე კამპანიის დაწყება კოორდინირების იდეის წინააღმდეგ, ივანიშვილის დახმარებაა", - თქვა ბოკერიამ და დასძინა, რომ თავად ელისაშვილსაც შესთავაზეს თბილისში კანდიდატად დადგომა, რათა "ქართული ოცნება" დაემარცხებინათ.

თავად ალეკო ელისაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ ბოკერიას "სტამბოლის ბაზარი აქვს გაჩაღებული", პოლიტიკაში წესიერ ხალხს გადააწყდა და "კბილები მოემტვრა". მან მანამდე "მთავარ არხთან" საუბრის დროს თავისი მხრიდან ვაჭრობა გამორიცხა:

"ღმერთმა დამიფაროს, რომ ორ ადგილზე მევაჭრა გიგი უგულავასთან. უბრალოდ, ჩვენ გვქონდა და ახლაც გვაქვს ის პოზიცია, რომ ჩვენი რესურსების გათვალისწინებით, მზად ვიყავით, რომ ორი ოლქი მოგვეგო თბილისში. ახლა ვფიქრობთ, რომ შეიძლება მეტიც მოვიგოთ, თუ საერთო პოზიციაზე ჩამოვყალიბდებით. ოღონდ ჩამოვყალიბდებით თუ არა, არ ვიცი. ამდენად, გიგი უგულავას რომ რამე ვევაჭრო, იმ დღეს მოვკვდე მე, ალეკო ელისაშვილი", - ამბობს "სახალხო მოძრაობის" თავმჯდომარე".

ოპოზიცია ბოლო რამდენიმე თვეა მოლაპარაკებებს მართავს. თავდაპირველად, ამ მოლაპარაკებებში ალეკო ელისაშვილიც მონაწილეობდა, თუმცა მარტის შემდეგ შეხვედრებს აღარ დასწრებია. ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე მათ, ვინც ოპოზიციურ გაერთიანებაში დარჩა, თბილისში 6 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები დაასახელეს. ოპოზიციის კანდიდატები არიან: გლდანში ელენე ხოშტარია ("ნაციონალური მოძრაობა"), სამგორში ლევან ხაბეიშვილი ("ნაციონალური მოძრაობა"), ნაძალადევში შალვა ნათელაშვილი ("ლეიბორისტული პარტია"), ისანში გიორგი ვაშაძე ("ახალი საქართველო"), მთაწმინდა-კრწანისში შალვა შავგულიძე ("თავისუფალი დემოკრატები") და ვაკეში ელენე ხოშტარია ("ევროპული საქართველო").

XS
SM
MD
LG