Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი რურუა მოსამართლეს: ზეწოლაა ჩემზეც და თქვენზეც, სიმართლეს დავამტკიცებ


იარაღის ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა აცხადებს, რომ მასსა და მისი საქმის განმხილველ მოსამართლეზე ზეწოლაა. ამის შესახებ მან თავისი საქმის განხილვის დაწყების დროს განაცხადა.

ამის დასტურად რურუამ თქვა, რომ არსად, ვენესუელის, ბელარუსის, რუსეთისა და სირიის გარდა, მინისტრები, ქალაქის მერი და პარლამენტარები იმდენ დროს არ უთმობენ პატიმრებზე საუბარს, რამდენსაც საქართველოში უთმობს ხელისუფლება.

"არის თუ არა ეს [ჩემი საქმე] პოლიტიკურად დაინტერესებული საქმე და არის თუ არა ეს პოლიტიკურად შეკერილი საქმე?!. ბატონ კუჭავას გაუგზავნია რაღაც აბსურდული სისულელეები, რაზეც აუცილებლად გავცემ პასუხს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მე არ ვარ დამნაშავე. ჩემ მიმართ არის პოლიტიკური დევნა და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება. მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ", - თქვა რურუამ.

დღეს, 24 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა გაგრძელდა. სხდომის დაწყებამდე მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ ევროპარლამენტარებს რურუას შესახებ არასწორი ინფორმაცია გაუგზავნა. ადვოკატის თქმით, წერილში საუბარია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეწყვიტა საქმეები, რომელიც რურუას წინააღმდეგ იყო აღძრული. მეორე ადვოკატმა კი მედიას წარუდგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირი პასუხისგებაში არცერთ ხელისუფლებას არ მიუცია.

რურუა გასული წლის ნოემბერში იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დააკავეს. "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" მიიჩნევენ, რომ რურუა პოლიტპატიმარია და ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს. მათ სწორად ამ მოტივით არ მიიღეს მონაწილეობა 8 მარტს პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცესში და არ დაესწრნენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრას.

XS
SM
MD
LG