საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ამბობს, რომ 53-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მის წინააღმდეგ ტყუილები გაავრცელა. ორგანიზაციებმა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს, არ აირჩიოს კომიტეტის წევრად პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე.
"ერთადერთი, რაც შემიძლია ამ შემთხვევაში ვთქვა, არის ის, რომ როდესაც NGO-ების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ, ამიტომ გავაგრძელებ სწორი გზით სიარულს და იმ ბავშვების უფლებების დაცვას, რომელსაც ჩვენ ყველაზე მეტად ვაფასებთ", - თქვა კილაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა იცრუეს, როცა პროცედურულ დარღვევებსა და მის საქმიანობაზე გაავრცელეს ინფორმაცია:
"ტყუილების ნაწილში გეტყვით ერთ-ერთ დიდ ტყუილს, რომ "სოფო კილაძეს არ აქვს საერთო არც ბავშვის უფლებათა კოდექსთან, არც სოციალური მუშაობის რეფორმასთან" მაშინ, როცა ერთ და მეორე შემთხვევაშიც, იდეის ავტორიც მე გახლავართ და მის განხორციელებას და იმპლემენტაციასაც მე თავად ვუდგავარ სათავეში", - თქვა მან.