Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო


საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც იცვლება არჩევნებში მანდატების გადანაწილების წესი. რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა, მხარდამჭერი 115 იყო.

ცვლილებების კანონად ქცევისთვის სამი მოსმენაა საჭირო და თითოზე მინიმუმ 113 ხმა.

ამ ცვლილებების მიხედვით, 77-დან 120-მდე იცვლება პროპორციულად არჩეული დეპუტატების რიცხვი, ხოლო 73-დან 30-მდე მცირდება მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა. კანონპროექტის მიხედვით, პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

პირველ კენჭისყრაზე დოკუმენტის მიღებას მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათგან 20 ხმა "ევროპულ საქართველოს" ეკუთვნოდა. მათ მეორე მოსმენის კენჭისყრაზე მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და თქვეს, რომ ჯერი უკვე ხელისუფლებაზე იყო და გიორგი რურუა უნდა გაეთავისუფლებინათ.

მეორე მოსმენით კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ არც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები ყოფილი თანაგუნდელებისა და "პატრიოტთა ალიანსისგან" მოაგროვა. დოკუმენტის წინააღმდეგ ხმა მისცეს: ბიძინა გეგიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ, კახა ოქრიაშვილმა; კენჭისყრაში მონაწილეობისგან კი თავი ნატო ჩხეიძემ შეიკავა.

XS
SM
MD
LG